ინფრასტრუქტურის სამინისტრო პრეზიდენტს სიცრუეში ადანაშაულებს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო პრეზიდენტს სიცრუეში ადანაშაულებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს. უწყება პრეზიდენტის მიერ ახალქალაქში ვიზიტისას გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, საავტომობილო გზა გაწმენდილი არ არის და ამის გამო მოსახლეობას პრობლემები ექმნება. 

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ ტყუილს ავრცელებს და მის განცხადებას სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს.

"მან კარგად იცის, რომ გზა, რომელზეც დღეს საუბრობდა, ზამთრის განმავლობაში ყოველ წელს ჩაკეტილია და მოსახლეობა მუდმივად ალტერნატიული გზით სარგებლობს. აღნიშნული მონაკვეთი ზამთრის პერიოდში ინტენსიური ქარბუქებით ხასიათდება, რაც საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე უხვ ნამქერს და ხილვადობის მინიმუმამდე დაქვეითებას იწვევს. აღნიშნულ პირობებში მგზავრთა გადაადგილება საფრთხის მომცველია და, შესაბამისად, ამ მონაკვეთზე, წლების განმავლობაში, რთულ კლიმატურ პერიოდში სისტემატურად იკრძალებოდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, 2007 წლის სექტემბერში საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის მიერ დამტკიცდა საავტომობილო გზების საუღელტეხილო მონაკვეთების ჩამონათვალი, რომლებიც ზამთრის პერიოდში მოვლა-შენახვას არ ექვემდებარება. მათ შორის არის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზაზე არსებული ტიკმანტაჟის 12 კმ-იანი საუღელტეხილო (ნარდევანი-როდიონოვკის) მონაკვეთი.

უწყების ინფორმაციით, 2008 წელს საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა 31 მარტს; 2009 წელს -13 აპრილს; 2010 წელს - 1 აპრილს; 2011 წელს - 1 აპრილს, ხოლო გასულ, 2012 წელს წელს მოძრაობის აღდგენა შესაძლებელი გახდა მხოლოდ 7 აპრილს.

"სამცხე-ჯავახეთის მიმართულებით ზამთრის პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება ყოველთვის ხორციელდება ალტერნატიული - ხაშური-ახალციხე-ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილო გზით. აღსანიშნავია, რომ 2009-2011 წლებში ფონდ "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" მიერ გზას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, რაც სავალი ნაწილისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას მოიცავდა, მაგრამ აღნიშნულ მონაკვეთზე ზამთრის პერიოდში შეუზღუდავი განვლადობის შესანარჩუნებლად აუცილებელი ნამქერსაწინააღმდეგო ნაგებობების მოწყობა არ განხორციელებულა", - აცხადებენ სამინისტროში.