საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მიმართულებით წელს ზამთრის პერიოდში გზა არ იწმინდება და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნება.
ამ საკითხთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი საზოგადოებას აუწყებს, რომ 2007 წლის სექტემბერს საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის მიერ საავტომობილო გზების საუღელტეხილო მონაკვეთების ჩამონათვალი დამტკიცდა, რომლებიც ზამთრის პერიოდში მოვლა-შენახვას არ ექვემდებარება. მათ შორის არის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზაზე არსებული ტიკმანტაჟის 12 კმ-იანი საუღელტეხილო (ნარდევანი-როდიონოვკის) მონაკვეთი, რომელიც აღნიშნულ განცხადებაში იგულისხმებოდა.
ტიკმანტაჟის უღელტეხილი ზამთრის პერიოდში ინტენსიური ქარბუქებით ხასიათდება, რაც საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე უხვ ნამქერსა და ხილვადობის მინიმუმამდე დაქვეითებას იწვევს. აღნიშნულ პირობებში მგზავრთა გადაადგილება საფრთხის მომცველია და შესაბამისად, ამ მონაკვეთზე, წლების მანძილზე, რთულ კლიმატურ პერიოდში სისტემატიურად იკრძალებოდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
2008 წელს საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა 31 მარტს; 2009 წელს-13 აპრილს; 2010 წელს - 1 აპრილს; 2011 წელს - 1 აპრილს, ხოლო გასულ წელს (2012 წელს ) მოძრაობის აღდგენა შესაძლებელი გახდა მხოლოდ 7 აპრილს.
აღნიშნულ გზაზე, დასახლებულ პუნქტებთან მისასვლელ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია. სამცხე-ჯავახეთის მიმართულებით კი, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ალტერნატიული, ხაშური-ახალციხე-ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილო გზით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზას 2009-2011 წლებში ფონდ "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, რაც სავალი ნაწილისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას მოიცავდა. ზამთრის პერიოდში კი, განვლადობის შესანარჩუნებლად აუცილებელი ნამქერსაწინააღმდეგო ნაგებობების მოწყობა არ განხორციელებულა", - აღნიშნულია განცხადებაში.