პარლამენტი კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს. გასული წლის დეკემბრის ბოლოს, 78 დეპუტატის ხელმოწერით ინიცირებულ საკონსტიტუციო პროექტს დღეს , პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. ცვლილებების მთავარი არსი პრეზიდენტისთვის იმ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვაში მდგომარეობს, რომელიც მას პარლამენტის ნების საწინააღმდეგოდ, მთავრობის დათხოვნისა და ახლის დაკომპლექტების შესაძლებლობას აძლევს.
უკვე ცნობილია, რომ ცვლილებები აისახება ინიცირებული პროექტის პირვანდელ რედაქციაში. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ საკონსტიტუციო ნორმა, რომელიც პრეზიდენტს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი ექვსი თვის, ხოლო საკუთარი უფლებამოსილების ამოწურვამდე ბოლო ექვის თვის განმავლობაში დათხოვნას უკრძალავს, კონსტიტუციაში დარჩეს. შესაბამისად, კონსტიტუციიდან 51/1-ე მუხლის ორი ქვეპუნქტის ამოღება, რასაც ამჟამად ინიცირებული პროექტი ითვალისწინებს, აღარ მოხდება და პრეზიდენტს არც საკუთარი უფლებამოსილების ბოლო ექვი თვისა და არც პარლამენტის არჩევიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის შესაძლებლობა არ ექნება.
რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნის საკითხს, ჯერ კიდევ მოქმედი საკონსტიტუციო ნორმის თანახმად, თუ მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ზედიზედ სამჯერ პარლამენტის ნდობას ვერ მიიღებს, პრეზიდენტი ხუთი დღის ვადაში პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას წამოაყენებს ან პარლამენტის თანხმობის გარეშე პრემიერ-მინისტრს ნიშნავს, ხოლო პრემიერ-მინისტრი, ასევე ხუთი დღის ვადაში, პრეზიდენტის თანხმობით მინისტრებს დანიშნავს. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პროექტის თანახმად კი, თუ მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ზედიზედ სამჯერ პარლამენტის ნდობას ვერ მიიღებს, პრეზიდენტი სამი დღის ვადაში პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. მთავრობის საქმიანობას კი, ახალი შემადგენლობის შექმნამდე ძველი სამთავრობო გუნდი გააგრძელებს.
სავარაუდოდ, გარკვეული კორექტირება პროექტის ამ ნაწილშიც მოხდება. როგორც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, კონსტიტუციაში კიდევ უფრო მკაფიოდ ჩაიწერება, თუ რა ხდება მას შემდეგ, როცა პრეზიდენტი მთავრობას გადააყენებს, ან თუ მთავრობა საკუთარი გადაწყვეტილებით გადადგება.
"კონსტიტუციაში ნათლად ჩაიწერება, რომ ამის შემდეგ მთავრობის ძველ შემადგენლობას, ანუ მას, რომელსაც პრეზიდენტი გადააყენებს თუ თავად გადადგება, მთავრობის მოვალეობის შესრულება დაეკისრება. სწორედ ეს მთავრობა გააგრძელებს საქმიანობას მანამ, სანამ არ შეიქმნება ახალი - პარლამენტის ნდობით აღჭურვილი მთავრობა", - განმარტავს ვახტანგ ხმალაძე.