ბათუმის იუსტიციის სახლთან მოშიმშილე ყოფილი პატიმარი და ბიზნესმენი დავით კუკულაძე ინციდენტის შესახებ საუბრობს. დავით კუკულაძეს იუსტიციის სახლის მიმდებარედ კარავი აქვს გაშლილი და პროკურორ ავთანდილ კილაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს, რადგან მიაჩნია, რომ მის საქმესთან დაკავშირებით უკანონო ქმედებები აქვს ჩადენილი.
როგორც კუკულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მასთან დღეს პროკურორის მამა შოთა კილაძე მივიდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ბანერი, პროკურორის გადაყენების მოთხოვნის შესახებ, ჩამოგლიჯა. დავით კუკულაძე სამართალდამცველებს აღნიშნული ფაქტის შესწავლას სთხოვს.
"მეორე დღეა შიმშილობის მშვიდობიან აქციას ვმართავთ. მერიისგან გვაქვს ნებართვა, სანქცირებული აქციაა. დღეს პროკურორ ავთანდილ კილაძის მამა შოთა კილაძე მოვიდა. ვიფიქრეთ, რომ ჩვენთან გასაუბრებას აპირებდა. გააჩერა მანქანა, ჩვენს მიერ გაკრული ბანერი კილაძის გადადგომის მოთხოვნის შესახებ ჩამოგლიჯა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა, ჩაჯდა მანქანაში და გაიქცა", - აღნიშნა დავით კუკულაძემ.
დავით კუკულაძე ხელმოწერის გაყალბების ბრალდებით იყო დაპატიმრებული. როგორც ბათუმის რაიონულმა პროკურორმა არსენ ხიჯანაძემ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით საქმის მოკვლევა უკვე დაწყებულია.
"აღნიშნული მოქალაქეების მიერ ზეპირი განცხადება მოხდა პოლიციელთან. პოლიციელმა საქმის კურსში ჩაგვაყენა. კანონის შესაბამისად, ზეპირი შეტყობინების ოქმი გაფორმდა და დაიწყო შემოწმება. ჩატარებული იქნება გამოკითხვა ყველა დაინტერესებული და მონაწილე პირის, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა არსენ ხიჯანაძემ.
ამ დროისთვის, ბათუმის იუსტიციის სახლში განთავსებულ პროკურატურის განყოფილებაში დავით კუკულაძის გამოკითხვა აღნიშნულ ინცინდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
იუსტიციის სახლთან დავით კუკულაძესთან ერთად კიდევ რამდენიმე ბათუმელი შიმშილობს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას აჭარის რამდენიმე პროკურორის წარსული საქმიანობის გამოკვლევას და სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ. მათ ბათუმის იუსტიციის სახლის მიმდებარედ კარავი გუშინ გაშალეს.