ეროვნული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ ახალი, ალტერნატიული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა .
კონცეფციის შექმნა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ქართველ იურისტებთან ერთად მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს მიერ გამოგზავნილი ექსპერტები, ბრიტანეთის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "chapter 19"-ის, ასევე, ევროკავშირისა და ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის (BBC) წამყვანი სპეციალისტები.
კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლობა სიხშირეების გამოყენებით ხორციელდება ოთხ სატელევიზიო არხზე და სამ რადიოარხზე.
გარდა ამისა, კანონპროექტის ავტორთა აზრით, მეურვის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 100 დღით ადრე, ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ. მეურვეობის კანდიდატები განაცხადს წარადგენენ შესაბამის დროებით საპარლამენტო კომისიაში, რომელიც პარლამენტის 8 წევრისგან შედგება. კომისიის 4 წევრს ნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობა და 4 წევრს საპარლამენტო უმცირესობა. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმების 3/4-ით. კომისია იკრიბება მეურვის ვაკანსიის წარმოქმნის შემთხვევაში.
გარდა ამისა, კონცეფციის თანახმად, კანდიდატთა სიის გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში დროებითი საპარლამენტო კომისია ამ კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებებს კანდიდატურათა შერჩევის შესახებ და პარლამენტს წარუდგენს ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე სამ კანდიდატურას. ასევე, დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ კანდიდატურების წარდგენიდან 30 დღის ვადაში, ხოლო საპარალამენტო არდადეგების შემთხვევაში სესიის განახლებიდან 15 დღის ვადაში პარლამენტი ფარული კენჭისყრით ირჩევს სამეურვეო საბჭოს წევრებს.
საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემდეგ კი კანდიდატებს თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნიშნავს.
გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილეებს. კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უნდა ევალებოდეს განახორციელონ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველწლიური აუდიტი.
ასევე, კონცეფციის თანახმად, 2014 წლის პირველ იანვრამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზია უნდა რეორგანიზდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეოთხე სატელევიზიო და მესამე რადიოარხებად. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, საქართველოს მთავრობამ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ უნდა უზრუნველყონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის მართვაში არსებული ქონების საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს 2015 წლის პირველ იანვრამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის მოქმედ თანამშრომელთა ადგილზე დასაქმება.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, თამაზ ტყემალაძემ განაცხადა, ეს კონცეფცია საზოგადოებრივ მაუწყებელს ხალხის სამსახურში ჩააყენებს და ის შენიშვნები, რომელიც დღეს საზოგადოებას აქვს, აღარ იარსებებს. მისივე თქმით, კანონპროექტთა ავტორები მაქსიმალურად ცდილობენ, ამხელა ბაზის მქონე სამსახური აღარ იყოს ურეიტინგო და ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს არის. თამაზ ტყემალაძის თქმით, მას სურს, ტელევიზია იმ დონეს დაუბრნდეს, როგორიც იყო ადრე და ის იყოს ყველასთვის სასურველი.
კანონპროექტის კიდევ ერთი ავტორის, ია დანელიას თქმით კი, კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა და კომიტეტებში მისი განხილვა უახლოეს პერიოდში გაიმართება. როგორც დანელია ამბობს, კანონპროექტის განსახილველად პარლამენტში თავად კონცეფციის ავტორებიც იქნებიან მიწვეულები.