გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას მოსახლეობამ დღეს, გარდაბნის ცენტრში, მეგობრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია გამართა . აქციის მონაწილეებს ორი მოთხოვნა ჰქონდათ.
მოსახლეობის განცხადებით, სოფლის საკუთრებაში არსებული ტერიტორია, რომელსაც მოსახლეობა საძოვრებად იყენებდა, სამხრეთ-აფრიკელ ფერმერებს, ბურებს მიჰყიდეს. დღეს ტერიტორიის მოხვნა დაიწყეს ბურებმა და სოფელს იქ ტერიტორია საერთოდ აღარ აქვს. აქციის მონაწილეების თქმით, ლემშვენიერას მოსახლეობის შემოსავლის ერთადერთი წყარო მეცხოველეობაა. სოფლის მცხოვრებლები დღეს კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორია კვლავ სოფლის საკუთრებაში დაბრუნდეს.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეებს სხვა მოთხოვნაც ჰქონდათ. კერძოდ, ისინი გარდაბნის გამგებლად "ქართული ოცნების" წევრ გელა ხუციშვილის დანიშვნას ითხოვდნენ და გოჩა ცოფურაშვილის შესაძლო დანიშვნას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, გააჩნიათ ინფორმაცია, რომ გამგებლად გოჩა ცოფურაშვილის დანიშვნას აპირებენ, რომელიც წინა ხელისუფლების წარმომადგენლების კანდიდატია.