გიგი უგულავა ცრუობს ან მას მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი დედაქალაქის მერის დღევანდელ განცხადებას, რომ საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის მიხედვით, თბილისის მერი 2014 წლიდან არჩევით აღარ იქნება.
"ეს არის ტყუილი. ამ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ მერი აირჩევა პირდაპირი, საყოველთაო თანასწორი არჩევნებით. საიდან მოვიდა ეს თემა, ჩემთვის გაუგებარია", - აღნიშნა შერგელაშვილმა.
ამასთან, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განმარტავს, "საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითად პრინციპებში დაზუსტებულია, რომ შეიქმნება საკანონმდებლო ბაზა, რომლის შესაბამისადაც, თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო არჩეული იქნება პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით, პერსონალური პროპორციული ერთადერთი გადასაცემი ხმის სისტემით, ორი წლის ვადით. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოთა ხელმძღვანელები - გამგებელი სოფელში, თემში და მერი ქალაქში - არჩეული იქნებიან პირდაპირი წესით. დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ მერი აირჩევა პირდაპირი საყოველთაო თანასწორი და ფარული კენჭისყრით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით".