წინა ხელისუფლების პრობლემა არც პრეზიდენტი ყოფილა და არც რომელიმე მინისტრი, წინა ხელისუფლების პრობლემა იყო პროკურატურა და სასამართლო , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, პროკურატურა და სასამართლო პრობლემას წარმოადგენდა იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთთან უსამართლო კავშირში იმყოფებოდნენ.
"ეს შეხვედრა ჩემთვის არის ისტორიული იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება თავს მიიჩნევს იმ ხელისუფლებად, რომლის ხელშიც საქართველოში შეიძლება თქვენი სახით ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო. ჩვენ ეს ამბიცია გვაქვს და ეს შეხვედრა მჭირდება იმისთვის, რომ ეს გითხრათ პირისპირ და არა ეკრანიდან და დავრწმუნდე იმაში, რომ თქვენც იგივე ამბიცია გაგაჩნიათ. წინა ხელისუფლების პრობლემა არც პრეზიდენტი ყოფილა და არც რომელიმე მინისტრი, წინა ხელისუფლების პრობლემა იყო პროკურატურა და სასამართლო, რომლებიც რეალურად არასამართლიან კავშირში იყო ერთმანეთთან", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე განმარტებით, უკანონო და უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილებები, რომელიც გასული წლების განმავლობაში იყო გამოტანილი, იმდენად სასამართლოს ბრალი არ იყო, რამდენადაც პროკურატურის.
"უკანონო და უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილებები ალბათ, სასამართლოს ბრალი იყო არა იმ ხარისხით, რა ხარისხითაც პროკურატურის, მაგრამ სასამართლო თავის წილ პასუხისმგებლობას, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ პასუხისმგებლობას პირობითად, ვერ აიცილებს. მორალური პასუხისმგებლობა გვაკისრია ყველას, ვინც ხალხის ინტერესს ერთხელ თუნდაც შორიდან შევეხებით. სანამ დანიშნული და დამტკიცებული ვიქნებოდი, ვიყავი არჩეული ადამიანი. როგორც არჩეულმა ადამიანმა, ვიცი, რომ ის 61114 კაცი, ვინც მე ხმა მომცა, არ ფიქრობს, რომ ქართველი მოსამართლის ნდობა ბოლომდე შეიძლება. ეს არის არა მხოლოდ მოსამართლის ბრალი, არამედ დიდწილად ჩემი წინამორბედის ხელში მომუშავე პროკურორების ბრალი", - დასძინა თეა წულუკიანმა.
ამასთან, იუსტიციის მინისტრის განმარტებით, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ მან და მთავარმა პროკურორმა პროკურორებს მკაცრი გაფრთხილება მისცეს, რომ მოსამართლეთა ღირსების ხელყოფა შეეწყვიტათ.
"რა შეიცვალა 1-ელი ოქტომბრის შემდეგ. მე და მთავარმა პროკურორმა პროკურორებს მივეცით მკაცრი გაფრთხილება, რომ თქვენი ღირსების ხელყოფა შეწყვიტონ - თავიანთი უკანონო ქმედებები, თავიანთი დაუსაბუთებელი ბრალდებები და ისეთი საქმეების მოტანა სასამართლოში, რომლის გადაშლაც კი ხანდახან არ ღირს. ამან მოიტანა ის, რომ რეზო ხულორდავას განაჩენი არ დადგა და მორიგი სირცხვილი აჭამა პროკურატურამ მართლმსაჯულების საქმეში", - დასძინა წულუკიანმა.
ამასთან, მისივე თქმით, სტრასბურგში ათი წლის მუშაობის განმავლობაში სწორედ ქართველი მოსამართლეების უკანონო გადაწყვეტილებებს კითხულობდა.
"თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც საქართველოს და შესაბამისად ხალხის სახელით გამოგაქვთ გადაწყვეტილებები და თქვენი გადაწყვეტილებების კითხვაში გავატარე სტრასბურგში მთელი ათი წელი. არსებობს გირგვლიანის განაჩენი და ამის შესახებ თქვა სტრასბურგის სასამართლომ, რომ ქართული სასამართლო შეეკრა პროკურატურას, პრეზიდენტს, სასჯელაღსრულების სამინისტროს და ყველამ პირი შეკრა, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება არ განხორციელებულიყო. გირგვლიანის განაჩენი არის ქართული მართლმსაჯულების განაჩენი. არსებობს გვანცა ყუფარაძის განაჩენი. ეს ყველაფერი არსებობს. ჩვენ ამის აღიარებით უნდა დავიწყოთ და შემდეგ ერთად ვიფიქროთ, როგორ გამოვასწოროთ ეს. ყუფარაძის განაჩენი ეს არ არის მხოლოდ თქვენი პრობლემა და იმ ერთი მოსამართლის პრობლემა, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო. ეს ქვეყნის პრობლემაა და ყველა მომავალი 15 წლის გოგონას პრობლემა. სწორედ ამისთვის ვართ დღეს აქ", - მიმართა წულუკიანმა მოსამართლეებს.