2004 წელს პოლიციელის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე ექსპერტიზის დასკვნას ნდობას უცხადებს.
როგორც სოსო რობაქიძემ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, ქართველი ექსპერტები პროფესიონალები არიან და მათ დასკვნაში ცდომილება გამორიცხულია. იგი დარწმუნებულია, რომ უცხოელი ექსპერტების დაკვნაც უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს ამ საქმეში.
მან, ასევე, კომენტარი გააკეთა ირაკლი ოქრუაშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ბუტა რობაქიძის საქმეში მისი მონაწილეობა ნულის ტოლია. სოსო რობაქიძე მიიჩნევს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ამჯერადაც ცრუობს.
მისივე თქმით, ოქრუაშვილმა არაერთხელ გადათქვა თავისი გაკეთებული განცხადებები. ამის მაგალითად რობაქიძემ ზურაბ ჟვანიას და ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების საქმეები დაასახელა. რობაქიძის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინდელი განცხადებით ფაქტობრივად ადრე ნათქვამი შეცვალა, რომლის მიხედვითაც, ბუტა რობაქიძის საქმე მის კარიერაში შავი ლაქაა.
ასევე, სოსო რობაქიძე პროკურატურის მოქმედებებით დაბნეულია და მიიჩნევს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიორგი ღვინიაშვილი და ირაკლი წერეთელი ამ საქმესთან დაკავშირებით პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში რობაქიძე მიიჩნევს, რომ მისნაირი ადამიანები, თავად იპოვიან სამართალს.
ამასთან, სოსო რობაქიძემ აღნიშნა, რომ შესაძლოა, დღეს საღამოს პროკურატურაში მივიდეს და მთავარ პროკურორს შეხვდეს ირაკლი ოქრუაშვილის გუშინდელ განცხადებებთან და საქმის სხვა დეტალებთან დაკავშირებით.
მთავარმა პროკურატურამ გუშინ გაავრეცლა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ბუტა რობაქიძესთან დაკავშირებული ვიდეომასალა, რომელიც პროკურატურას დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ფირცხალავამ გადასცა, მონტაჟია.