საქართველოს მთავრობის წევრებმა 1993 წლის 16 მარტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან დოლიძემ აღნიშნა, მათ პატივი მიაგეს საქართველოსთვის თავდადებულ გმირებს, რომლებმაც 20 წლის წინ სიცოცხლის ფასად დაიცვეს სოხუმი.
"ეს იყო ერთ-ერთი სამაგალითო ბრძოლა, სადაც ქართველმა მეომრებმა გამოავლინეს თავიანთი ძალიან ძლიერი საბრძოლო სული და უაღრესად არათანაბარი პირობების შემთხვევაშიც კი, მოახერხეს კონკრეტული პოზიციების დაცვა. ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ მათი სახელების უკვდავსაყოფად. ვიდგეთ მათი ოჯახების გვერდით და ვაშენოთ ძლიერი შეიარაღებული ძალები", - აღნიშნა დოლიძემ.
ამასთან, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
"ყოველდღიურად პატივი უნდა მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სისხლი დაღვარეს სამშობლოსათვის და სიცოცხლე გაწირეს იმისათვის, რომ ერთიან, ნათელ საქართველოში გვეცხოვრა. ჩვენი ვალია მათი სურვილი ავასრულოთ და საქართველო გავაერთიანოთ", - დასძინა ხადურმა.
ამასთან, როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ აღნიშნა, 16 მარტს ქართველმა სამხედრო ძალებმა სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს და მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს. მისი შეფასებით, გმირების სახელები დაუვიწყარი იქნება მომავალი თაობისთვის.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას თქმით კი, მისთვის დღევანდელი დღე მეტად ემოციურია, რადგან აფხაზეთის ომში ბევრი ადამიანი ჰყავს დაკარგული.
გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ კვარაცხელიამ.
ამასთან, მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა სასულიერო პირმა.