პრეზიდენტის ძმა არ უნდა იყოს მოსამართლეთა მჭედელი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა , რომელზეც იუსტიციის უმაღლესი სკოლის ძირეული რეფორმის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
წულუკიანმა კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა, დავით სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა და აღნიშნა - ეს მისასალმებელია თუნდაც იმ კუთხით, რომ "გარეგნული მხარე ბევრს ნიშნავს".
"მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ კანონპროექტის შემდეგ მომდევნო ეტაპი იქნება იუსტიციის უმაღლესი სკოლის ძირეული რეფორმა. ადრე როცა ბავშვებს და სტუდენტებს ეკითხებოდნენ, ვინ უნდოდათ გამოსულიყვნენ, პირველ რიგში პასუხობდნენ, რომ სურდათ მოსამართლეები გამხდარიყვნენ. დღეს ეს სამწუხაროდ, ასე არ არის და ჩემი მიზანია, რომ ისევ ასე იყოს და ამაში სკოლამ უნდა ითამაშოს წამახალისებელი როლი. როგორც იცით, სკოლის დირექტორი არჩევნების შემდეგ გადადგა. მე მის საქმიანობას არ ვიცნობ, თუმცა ვიცი, რომ სკოლა შავ დღეშია. რატომ არის დირექტორის გადადგომა კარგი ამბავი? თუნდაც იმიტომ, რომ გარეგნული მხარე ბევრს ნიშნავს და პრეზიდენტის ძმა არ უნდა იყოს მოსამართლეთა მჭედელი. სკოლას უფრო ძლიერი რეფორმა სჭირდება და ამას თქვენთან ერთად შევიმუშავებ", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე განმარტებით, გადახედვას საჭიროებს ასევე დისციპლინური პროცედურები, რასთან დაკავშირებითაც კანონპროექტის შემუშავების დროს იუსტიციის სამინისტრო მოსამართლეთა აზრსაც გაითვალისწინებს.
"ასევე, დიდი ინტერესია ჩვენი მხრიდან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმართება საერთო სასამართლოების ის დაწესებულება, რომელიც მართავს ფინანსებს. ძალიან საინტერესოა ეს ფინანსები ხმარდება თუ არა თქვენს დამოუკიდებლობას. შეიძლება ესეც გარკვეულ შესწორება-რეფორმას საჭიროებდეს, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ჩანასახის დონეზეა", - დასძინა იუსტიციის მინისტრმა.