ირაკლი ოქრუაშვილს ბევრი განცხადება გაუკეთებია, რასაც შემდეგ თვითონვე უარყოფს ხოლმე, - ამის შესახებ ოქრუაშვილის განცხადების კომენტირებისას "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდება ირაკლი ალასანიას უწყებისადმი არარეალურია.
"ირაკლი ალასანია როგორც კი მინისტრი გახდა, მთელი ის აპარატურა, რომელიც გააჩნდა ამ უწყებას და გათვალისწინებული იყო ოპერატიული დანიშნულებისთვის, პრინციპულად ჩამოაშორა სამინისტროს - რასაც წარსულში ახალაია ახორციელებდა. ოქრუაშვილის მხრიდან ძალიან ბევრი განცხადებები მოგვისმენია, რასაც შემდეგ თვითონვე უარყოფს ხოლმე", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ყოფილი თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ "ღია ეთერში" განაცხადა, რომ მას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საფრანგეთში უსმენდნენ.
"კიდევ ერთი საინტერესო საქმე, რომელზეც პროკურატურაში გასულ კვირას ვიყავი - ეს არის უკანონო მოსმენების საქმე, სადაც მგონი პროკურატურა აპირებს დაზარალებულად მცნოს იმის გამო, რომ ჩემი კომპიუტერის მეშვეობით ისმინებოდა ჩემი საუბრები საფრანგეთში უკვე მთავრობის ცვლილების, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, ოქტომბერ-ნოემბერში სრულად. ეს კეთდებოდა თავდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილი ვირუსებით, სამხედრო პოლიციის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ, რომელიც ახალი დანიშნული იყო ახალი ხელისუფლების პირობებში. მე თვითონ ძალიან მაინტერესებს, ვინ იყო ამის ინიციატორი - ამას აკეთებდა თავის ინიციატივით?!, რაც მე მაგალითად არ მჯერა, თუ აკეთებდა ვინმეს დავალებით?!", - აღნიშნა ოქრუაშვილმა და დასძინა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.