დეპუტატ ვახტანგ ხმალაძეს იმედი და სურვილი აქვს იმისა, რომ პარლამენტში არსებულ სამ თავისუფალ ადგილს ისეთი პირები შეავსებენ, რომელთაც პიროვნულ ღირსებასთან ერთად, პროფესიონალიზმიც ექნებათ.
ხმალაძის ინფორმაციით, კოალიციის მხრიდან ნაძალადევში, ბაღდათსა და სამტრედიაში წარსადგენ დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით არსებობს მონახაზი, მაგარამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
"არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა, არ არის და არც სამომავლოდ იქნება ისე, რომ პარლამენტი მხოლოდ იურისტებისგან და ეკონომისტებისგან შედგებოდეს. პარლამენტში ამ სპეციალობის ხალხი არის უმცირესობით. საერთოდ, ამომრჩეველი ნაკლებად უყურებს იმას, რა პროფესიისა ესა თუ ის ადამიანი და უფრო სხვა რამეს აქცევს ყურადღებას, მაგრამ იმავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი პროფესიის ადამიანები პარლამენტისთვის ძალიან საჭიროა" - განაცხადა ხმალაძემ.
გარდა ამისა, დეპუტატის ცნობით, კოალიციაში პრეზიდენტობის კანდიდატის საკითხი განხილვის საგანი ჯერ არ ყოფილა.
"შეიძლება აღნიშნულ თემაზე ვინმე ვინმეს ესუბრება, მაგრამ საკითხი კოალიციურ რეჟიმში არ განხილულა" - აღნიშნა ხმალაძემ.