ევროპარლამენტის 23 წევრი ევროპა არ არის და, შესაბამისად, კრიტიკული წერილები ევროპას ვერ დაგვაშორებს", - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ოპონენტების შეფასებებს , რომ "ევროპის სახალხო პარტიის წევრებისადმი" მისი და პრემიერ-მინისტრის ღია წერილები საქართველოს ევროპასთან აშორებს.
როგორც უსუფაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა, ევროპარლამენტის წევრთა ერთი ნაწილი სიცრუეზე დაყრდნობით აკეთებს არასწორ დასკვნას, რის გამოც საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია მათ სიმართლე უთხრას.
"წერილებში რაიმე განსაკუთრებულს და დრამატულს ვერ ვხედავ. თუ ვინმემ განგაშის ზარი შემოკრა, რომ ეს ევროპას დაგვაშორებს, მინდა ყველა დავამშვიდო, ეს არ არის ევროპისადმი და ევროკავშირისადმი, ევროპის ლიდერებისადმი მიმართვა, ესაა ევროპარლამენტის წევრთა ერთი ნაწილისადმი მიმართვა, ევროპარლამენტის 23 წევრი კი არაა ევროპა. ჩემი წერილი მიმართული იყო იმ წერილის საპასუხოდ, რომელიც 23-მა დეპუტატმა ბიძინა ივანიშვილის სახელზე გამოაქვეყნა და რომელშიც სიცრუეზე დაყრდნობით აკეთებდნენ შორს მიმავალ არასწორ დასკვნებს. ასეთ შემთხვევაში, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ვალდებული ვიყავი სიმართლე მეთქვა და განმემარტა, რომ ჩვენი არჩევანია ევროპა და სანამ რამეს დაგვაბრალებენ, კეთილი ინებონ და მეტად გაერკვნენ სიტუაციაში", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე განმარტებით, ევროპელ პოლიტიკოსებსაც შეიძლება შეცდომები მოუვიდეთ. "ევროპელი პოლიტიკოსებიც არიან პოლიტიკოსები. როგორც საქართველოში ვხედავთ, რომ პოლიტიკოსები შეცდომებს უშვებენ და ხშირად სიტუაციას სწორად ვერ აანალიზებენ, ასევე ხდება ევროპაშიც და ამიტომაც მათთან გულახდილი საუბარია საჭირო", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამასთან, მან პოლიტიკურ ამნისტიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველას ყველაფერს ვერ აპატიებს. "ჩვენ მზად ვართ ხელი გავუწოდოთ ყველას, ვინც მზადაა გაისიგრძეგანოს წარსული შეცდომები, მაგრამ ვერ შევძლებთ ყველას ყველაფერი ვაპატიოთ, ვერ შევძლებთ ძალადობრივი დანაშაული ან მილიონიანი საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა ვაპატიოთ", - აღნიშნა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, წინა ხელისუფლების უსამართლო სისტემის შედეგად დაზარალებულებმა სათანადო კომპენსაცია უნდა მიიღონ.