სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ უცხოეთში მყოფი ქართველები ღვთისმშობელს შეავედრა.
ამ წუთებში სამების ტაძარში ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად ღვთისმშობლის პარაკლისს ატარებს. პარაკლისის დაწყებამდე უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა.
"დღეს ჩვენ შევავედრებთ საქართველოს, ქართველ ხალხს, ეკლესიას, ყველა შეჭირვებულს ღვთისმშობელ დედას, მისი საფარველის ქვეშ დაიფაროს, დაიცვას და გადაარჩინოს საქართველო", - აღნიშნა ილია მეორემ. პატრიარქის თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია.
"საქართველო და ქართველი ხალხი ევედრება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ცოდვილნი და უღირსნი ვართ, მაგრამ მისნი ვართ. გადაარჩინოს საქართველო", - ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ღვთისმშობლის მფარველობით არაერთი სასწაული უნახავს საქართველოს, განსაკუთრებით ლოცვისაგან. "მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო", - ეს ლოცვა უწმინდესმა მრევლთან ერთად სამჯერ გაიმეორა.
"ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შეისმინოს ლოცვა ჩვენი და გადაარჩინოს საქართველო", - ბრძანა პატრიარქმა.