თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ეს იქნება ჩვენთვის სასარგებლო, რადგან "ნაციონალური მოძრაობა", როგორც ოპონენტი პარტია, საკუთარ თავს გაინადგურებს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხარდაჭერის გარეშეც საკონსტიტუციო ცვლილებებს იმაზე მეტი დეპუტატი დაუჭერს მხარს, ვიდრე კანონის მიღებას სჭირდება.
"2004 წელს, როცა "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკაში მოვიდა, პირველი, რაც სააკაშვილმა გააკეთა იყო ის, რომ შეცვალა კონსტიტუცია და დემოკრატიული ქვეყნებისთვის უპრეცენდენტო ცვლილებები მივიღეთ, რითაც სააკაშვილი 9 წლის განმავლობაში მშვენივრად სარგებლობდა. პარლამენტი იყო დანამატი სააკაშვილის სურვილების შესრულების და პრაქტიკულად დაბალანსება ხელისუფლების ცალკეულ შტოებს შორის იყო დარღვეული. პარლამენტს მხოლოდ სურვილებს უგზავნიდნენ და ისიც კატასტროფულ კანონებს იღებდა ამ კაცის სურვილებიდან გამომდინარე. როგორ შეიძლება დღეს პროცესები განვითარდეს? – მე ვფიქრობ, რომ საქართველოში მოსახლეობის მაქსიმალურმა რაოდენობამ და ძირითადმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა კარგად გაიგეს ეს თემა და ჩვენ ის მაქსიმალურად მაღლა ავწიეთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, "ანტიკონსტიტუციური ნორმა" არც ევროპელებისა და არც ამერიკელებისთვის არ იყო ცნობილი, რის შესახებაც მათი ინფორმირება სწორედ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ მოახდინა.
"ეს უპრეცენდენტო ნორმა გავაცანით ყველას და მაქსიმალურად მაღლა ავწიეთ ეს თემა. ეს იყო შეფარული ნორმა, რომლის შესახებაც არც ევროპელებმა და არც ამერიკელებმა იცოდნენ. ახლა გაიგეს. ერთ კვირაში კანონპროექტი პარლამენტში შევა და ამით თამაში მთლიანად გადავა "ნაციონალური მოძრაობის" ველზე _ მისი ხმები მხოლოდ მას მოუტანს სარგებელს ან მოუტანს ზიანს", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ამასთან, პრემიერის თქმით, დღეს "ევროპაში" მისი წერილი გამოქვეყნდა, რომელშიც საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობასა და იმ არაკონსტიტუციურ ნორმებზე საუბრობს, რომელიც მასში სააკაშვილის სურვილით პარლამენტმა ჩაწერა.
"ევროპაში გამოქვეყნდება ჩემი წერილი და იქ ნახავთ, რომ 3-4 მაგალითი მყავს მოყვანილი, რომ ეს არის უპრეცენდენტო ნორმა, რომელიც შემოიტანა სააკაშვილმა", - განაცხადა პრემიერმა.