საერთო სასამართლოების შესახებ შეჯამებული დოკუმენტი პარლამენტს მომავალ კვირას გაეგზავნება. ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს "თბილისი მერიოტში", სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, მსჯელობა მიმდინარეობს და იმედი აქვს, რომ ყველა შენიშვნა, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნაშია ასახული, "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში აისახება. როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ მას საუბარი ჰქონდა როგორც იუსტიციის მინისტრთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან.
"ჩემი მიზანია, რომ განუხრელად ყველაფერი რასაც დაწერს ვენეციის კომისია, გადავიტანოთ ჩვენს პროექტში. ამაზე პრემიერ-მინისტრიც დამეთანხმა და იუსტიციის მინისტრმაც გარკვეულწილად თანხმობა გამოთქვა, თუმცა განსხვავებული ვარიანტიც შემოგვთავაზა. მიმდინარე კვირაში გაიმართება მსჯელობა და ვიმედოვნებთ, რომ მივაღწევთ საბოლოო მიზანს და გათვალისწინებული იქნება კომისიის დასკვნაში ასახული შენიშვნები ჩვენს პროექტში", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
მისი თქმით, მსჯელობა მიმდინარე კვირაში დასრულდება და დოკუმენტი პარლამენტს მომავალ კვირაში გადაეგზავნება.