საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების სტრატეგია გააცნო.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რეფორმირების გეგმა მთავრობის სხდომაზე უკვე დამტკიცდა.
"ჩვენ მოვახერხეთ და მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ სტრატეგია თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით, რომლითაც უნდა მომზადდეს საჭირო ინიციატივათა პაკეტი. ჩამოყალიბდება ორდონიანი მუნიციპალური და რეგიონალური თვითმმართველობა, გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა, ხოლო სოფლებში ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტები, ხოლო მათი მმართველი რგოლები იქნება არჩევითი. 3 500 სოფელში შეიქმნება საზოგადოებრივი თვითმმართველობის საბჭოები, რომლებიც გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩაერთვებიან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერის განმარტებით, ქართულმა საზოგადოებამ სახელმწიფო ხელისუფლების კონტროლი ვერ ისწავლა, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თვითმმართველობები სათანადო დონეზე განვითარებული არ არის.
"ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ჩემთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტი, რამეთუ კარგად ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოება ვერ ახერხებს, ვერ ასრულებს ფილტრის როლს, ვერ ახერხებს, აკონტროლოს ხელისუფლება და ყველა ძირითადი პრობლემა სწორედ აქედან გამომდინარეობს, რომ ვერ ვისწავლეთ საკუთარი ქვეყნის მართვა და ხელისუფლების აქტიური კონტროლი. ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება არის ძირითადი ბერკეტი, რომ საზოგადოებამ მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მართვაში და ხელისუფლების კონტროლში. სწორედ თვითმმართველობით გაძლიერებით და იმდენი უფლების გადაცემით, რამდენიც შეუძლიათ, უნდა დაირღვეს დემოკრატიული ცენტრალიზმი, ეს საშინელება, რაც მივიღებ ბოლო 9 წლის განმავლობაში და მმართვის ბერკეტები უნდა გადაეცეს რეგიონებს", - აღნიშნა ივანიშვილმა.