ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის დაკითხვა დასრულდა

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის დაკითხვა დასრულდა

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ფარტენაძის დაკითხვა დასრულდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მალხაზ ფარტენაძემ განუცხადა , ორი საათის განმავლობაში შს სამინისტროს ბათუმის მთავარ სამმართველოში კითხავდნენ იმ სამშენებლო სამუშაოების საკითხზე, რომელიც ხელვაჩაურის სოფლებში, ჭარნალსა და თხილნარში მიმდინარეობდა. მან აღნიშნულ სოფლებში სამუშაოების წარმოების საკითხზე ელექტრონულ ტენდერს მოაწერა ხელი.

"საქმე იყო აღძრული მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლის ელექტრონულ ტენდერსაც ხელს მე ვაწერ. ბათუმის მთავარ სამმართველოში დაკითხვა ორ საათს გაგრძელდა. ძირითადად, შეკითხვები შეეხებოდა იმას, თუ როგორ ხორციელდებოდა პროცედურები. ეს პროცედურებია ტენდერის გამოცხადება, ბიუჯეტში გათვლა, ტენდერის ჩატარება, ხელშეკრულების გაფორმება და სხვა. ძირითადად, ამ თემებზე იყო შეკითხვები და ამომწურავად გავეცი პასუხები", - აღნიშნა მალხაზ ფარტენაძემ.

მალხაზ ფარტენაძე ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე 2010 წლის 17 ივნისიდან მუშაობს. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, მან "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა და საკრებულოს ახლად შექმნილ ფრაქციას შეუერთდა.

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ლორთქიფანიძე და მისი მოადგილე თემურ შარაბიძე ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. შარაბიძისა და ლორთქიფანიძის დაკავების შესახებ შს სამინისტრომ ოფიციალურ განცხადება გაავრცელა. სამინისტროს ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან ლორთქიფანიძემ და ნოდარ შარაბიძემ ერთ-ერთ მეწარმეს მიანიჭეს უპირატესობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი გამოიწვია. კერძოდ, ერთ-ერთი კომპანიისგან, რომელიც ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარსა და სოფელ ჭალნარში აწარმოებდა კულტურის ცენტრისა და ბაგა-ბაღის სამშენებლო სარემონტო სამუშაოებს, დაუსრულებელი სამუშაოები ძველი რიცხვით ჩაიბარეს, მიღება-ჩაბარების დოკუმენტებში კი დააფიქსირეს როგორც დასრულებული სამუშაო და კომპანიას მთლიანი თანხა ჩაურიცხეს.