"ადამიანის უფლებათა ცენტრი" საპატრულო პოლიციის თანამშრომლების სამსახურიდან მასობრივ გათავისუფლებას აპროტესტებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ადამიანის უფლებათა ცენტრიდან" აცნობეს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე სამსახურიდან მასობრივი გათავისუფლება შემაშფოთებელია.
მათი ინფორმაციით, "ადამიანის უფლებათა ცენტრს" შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოდან გათავისუფლებულმა პატრულ–ინსპექტორებმა: ზვიად ბერაიამ, ზურაბ სოსელიამ, დაზმერ ჯანაშიამ, დავით ყოლბაიამ და ირაკლი ცაავამ მიმართეს, რომელთაც ხელმძღვანელობამ მოსთხოვეს "საკუთარი ნებით" დაეწერათ პატაკები.
2013 წლის 11 თებერვალს "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს წერილობით მიმართა და პატრულ-ინსპექტორებზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ განმარტება სთხოვა, თუ რის საფუძველზე გათავისუფლდნენ სამსახურიდან პატრული-ინსპექტორები. ცენტრმა მინისტრს ასევე შეახსენა პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის საჯარო დაპირება, რომ არ მოხდებოდა საპატრულო პოლიციიდან თანამშრომლების უმიზეზოდ გათავისუფლება, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც დაუმტკიცდებოდათ დემონსტრაციების დარბევებსა და სხვა უკანონო ქმედებებში მონაწილეობა.
"ადამიანის უფლებათა ცენტრში" მიაჩნიათ, რომ შსს-ს გენერალური ინსპექცია უნდა დაინტერესდეს გათავისუფლებული პატრულების ინფორმაციით, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ ნაცვლად პატრულ-ინსპექტორებად დაინიშნენ ამ საქმის არმცოდნე, არაპროფესიონალი კადრები, რაც თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს.