საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია აზიის განვითარების ბანკის მიწვევით ფილიპინების დედაქალაქ მანილაში იმყოფება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შოთა მურღულიას შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელ პირებთან.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილე აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციას წარადგენს. ასევე, მოლაპარაკებები გაიმართება მომდევნო წლებში განსახორციელებელი პროექტების თაობაზეც.
ვიზიტის ფარგლებში შოთა მურღულია, დაესწრება კონფერენციას წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ, რომელშიც აზიის განვითარების ბანკის პარტნიორი ქვეყნები იღებენ მონაწილეობას.
მინისტრის მოადგილესთან ერთად, აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პროექტების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამანეტის უფროსი ლევან ტაბატაძე.