"ენერგო–პრო ჯორჯია" მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაანგარიშების პროცედურებს განმარტავს

"ენერგო–პრო ჯორჯია" მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაანგარიშების პროცედურებს განმარტავს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ენერგო–პრო ჯორჯია"-დან აცნობეს, თებერვლის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის ქვითარში მოცემულმა ჩვენებებმა აბონენტების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.

როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიაში" განმარტავენ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის "ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" #33 დადგენილების მე-12 მუხლის თანახმად, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით დადგენილი ტარიფები არაგამჭოლია; ყოველი მომხმარებელი ელექტროენერგიის საფასურს იხდის 30 კალენდარულ დღეში მოხმარებული ელექტროენერგიის სრულ რაოდენობაზე იმ ტარიფით, რომელიც დაწესებულია მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამის რაოდენობაზე. მიუხედავად იმისა, ეს თვე მთავრდება 28, 29 თუ 31 რიცხვით. ამდენად, თებერვლის თვეში, როდესაც კალენდარული თვე დაიხურა 28 რიცხვით, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაანგარიშება მოხდა საშუალო დღიური მოხმარების 30 კალენდარულ დღეზე გადამრავლებით (მაგალითად, თუ აბონენტმა თებერვალში, ანუ 28 დღეში მოიხმარა 96 კვტ/სთ ელექტროენერგია, 30 დღეში მის მიერ მოხდებოდა (96:28)X30=102,8 კვტ/სთ ელექტროენერგიის მოხმარება და შესაბამისად, რადგან 102 კვტ/სთ არის მეორე საფეხურში, 96 კვტ/სთ ელექტროენერგია გადამრავლდება მეორე საფეხურისთვის დადგენილ ტარიფზე 12,98 თეთრზე).

თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ კალენდარული წლის განმავლობაში გაცილებით ხშირია შემთხვევები, როდესაც აბონენტებს მეტი ელექტროენერგიის მოხმარებაზე უწევთ ნაკლები ტარიფის გადახდა. ეს ხდება მაშინ, როდესაც თვე იხურება 31 რიცხვით და კომპანია მოხმარებულ კვტ/სთ-ებს ანგარიშობს ასევე 30 დღეზე (მაგალითად, თუ აბონენტმა იანვარში ანუ 31 დღის განმავლობაში მოიხმარა 103 კვტ/სთ ელექტროენერგია, 30 დღეში მის მიერ მოხდებოდა (103:31)X30=99,6 კვტ/სთ ელექტროენერგიის მოხმარება და შესაბამისად, რადგან 99,6 კვტ/სთ არის პირველ საფეხურში, 103 კვტ/სთ-ის გადამრავლება ნაცვლად მეორე საფეხურის ტარიფისა – 12,98 თეთრი, ხდება პირველი საფეხურისთვის დადგენილ ტარიფზე – 9,44 თეთრზე);

იმ შემთხვევაში, თუ სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს გაუჩნდებათ შეკითხვა მათთვის საინტერესო საკითხზე, ნებისმიერ დღეს 24 საათის განმავლობაში მათ შეუძლიათ დარეკონ კომპანიის ცხელ ხაზზე და მიიღონ ამომწურავი პასუხი, - აცხადებენ კომპანიაში.