ხელვაჩაურის რაიონის გამგებელი ლევან ლორთქიფანიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ლევან ლორთქიფანიძის ადვოკატმა, რამინ პაპიძემ განუცხადა , მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელის გარდა, მისი მოადგილე, ნოდარ შარაბიძეც დააკავეს. ის სამართალდამცავებმა გამგეობის შენობიდან საკაცით გამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო დახმარება დასჭირდა ლევან ლორთქიფანიძესაც.
გამგეობის შენობასთან პოლიციელთა დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული. ადგილზე, ასევე, მივიდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე.
შარაბიძისა და ლორთქიფანიძის დაკავების შესახებ შს სამინისტრომ ოფიციალურ განცხადება დღეს გაავრცელა. სამინისტროს ინფორმაციით, მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენა ედებათ ბრალად.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან ლორთქიფანიძემ და ნოდარ შარაბიძემ ერთ-ერთ მეწარმეს მიანიჭეს უპირატესობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი გამოიწვია.
კერძოდ, შსს-ს ცნობით, ერთ-ერთი კომპანიისგან, რომელიც ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარსა და ჭალნარში აწარმოებდა კულტურის ცენტრისა და ბაგა-ბაღის სამშენებლო სარემონტო სამუშაოებს, დაუსრულებელი სამუშაოები ძველი რიცხვით ჩაიბარეს. მიღება-ჩაბარების დოკუმენტებში კი დააფიქსირეს როგორც დასრულებული სამუშაო და კომპანიას მთლიანი თანხა ჩაურიცხეს.
შს-ს ინფორმაციით, ხელვაჩაურის გამგებელმა და მისმა მოადგილემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს. გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
ამასთან, ლევან ლირთქიფანიძე ხელვაჩაურის გამგებლად 2012 წლის 31 დეკემბერს დაინიშნა.