პარლამენტის დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის აზრით, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ "ევროპის სახალხო პარტიის" 23 წარმომადგენლისადმი გაგზავნილი ღია წერილი საკმაოდ მკვახე და აბსოლუტურად ადეკვატურია. ხმალაძე მიიჩნევს, რომ "შესაძლებელი იყო, სიმკვახე კიდევ უფრო ძლიერი ყოფილიყო".
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ევროპარლამენტის 23 დეპუტატისადმი გაგზავნილი მიმართვის შეფასებისას ხმალაძემ აღნიშნა, რომ ზოგადად, უსუფაშვილს მკვეთრი გამოთქმებით საუბარი არ სჩვევია, მაგრამ "მოთმინებსაც აქვს საზღვარი".
"კარგად მოგეხსენებათ, ევროპარლამენტის "სახალხო პარტიის" წარმომადგენელები როგორ მხარდაჭერას გამოხატავდნენ "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ. მათ არც ესმოდათ და ვერც ხედავდნენ იმ დარღვევებს, რაზეც ხშირად საუბრობდნენ ევროსაბჭოში ოპოზიციის წარმომადგენლები. დღეს ამ პარტიის მცირერიცხოვანმა ნაწილმა, მისმა 23 წევრმა საქართველოს ხელისუფლებას წერილი მისწერა და ათას რამეში დაანაშაულა. თურმე შერჩევითი სამართალი გვაქვს და ეს იმ დროს, როცა სასამართლო ხელისუფლებიდან არავინ შეცვლილა და იგივე მოსამართლეები არიან, ვინც იყვნენ ერთი წლის წინ, თუ ხუთი წლის წინ. თურმე ჩვენ არადემოკრატიულ კანონებს ვიღებთ და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში ვერევით, თურმე შესაბამის კანონში არადემოკრატიული ცვლილებები შევიტანეთ, მაშინ როცა დღეის მდგომარეობით "მაუწყებლის შესახებ" კანონში არანაირი ცვლილება არ შესულა. მათ ეს ხომ არ დაესიზმრებოდათ?! ვიღაცეებმა რაღაც ინფორმაციები მიაწოდეს, ვინ - გვარს არ დავასახელებ, ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეა და მათ ასე, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ბრმად მოაწერეს ხელი" - განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ ხმალაძემ, რომლის თქმითაც "წერილების ომი" ხელისუფლებას არ დაუწყია, მათ "ცეცხლი გაუხსნეს" და პასუხი მიიღეს".
ამასთან, ხმალაძის განმარტებით, თავად პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თავად "ევროპის სახალხო პარტიის" სახელზე აპირებს წერილის მომზადებას, სადაც "ყველა ერთნაირად არ ფიქრობს და ერთ გადაწყვეტილებას არ იღებს".