ბიძინა ივანიშვილმა საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმის მონაწილეებს მიმართა

ბიძინა ივანიშვილმა საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმის მონაწილეებს მიმართა

საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გაიხსნა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიმართა. მისი თქმით, მოხარულია, რომ მეზობელი ქვეყნის ბიზნესმენები საქართველოში ასეთი დიდი რაოდენობით ჩამოვიდნენ. პრემიერ-მინისტრმა ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების კულტურაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ერს შორის სერიოზული კონფლიქტი არასოდეს ყოფილა. 

"ებრაელები მაქსიმალურად ინარჩუნებდნენ საკუთარ კულტურას და თვითმყოფადობას საქართველოში, ამავდროულად მაქსიმალურად იცავდნენ საკუთარ რელიგიას. უნიკალურია ის, რომ საქართველოში, რომელიც პატარა მაგრამ მრავალეროვანი ქვეყანაა, არავის არასოდეს შეუთვისებია ისე ქართული კულტურა, როგორც ებრაელ ხალხს. ამავდროულად ისინი ხელშეუხებლად ინახავდნენ საკუთარ კულტურასა და ტრადიციებს. მოხარული ვარ, რომ ებრაელმა ხალხმა ბოლო ათწლეულებში დაუბრუნა საკუთარი სამშობლო ისრაელი. ვისურვებდი, სწრაფად დასრულებულიყოს ის დაპირისპირება და გაუგებრობა, რაც ისრაელის მიწაზე ხდება. თუმცა ამავდორულად ჩვენ გვაქვს ნოსტალგია და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ებრაელები. საქართველო თქვენი სამშობლოა", - მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ისრაელიდან ჩამოსულ ბიზნესმენებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ ბიზნესს შეუძლია შეავსოს ის ვაკუუმი და ნოსტალგია რასაც ქართველები განიცდიან. ბიძინა ივანიშვილის თქმით, საქართველოში დღესაც ცხოვრობენ ებრაელები, თუმცა არა იმ რაოდენობით, როგორც - ძველად.

"ებრაელები განსაკუთრებულები არიან ბიზნესაქტიურობით და ბიზნესში წარმატებითაც. თუ შევძლებთ, რომ საქართველოში მრავლად იყოს წარმოდგენილი ბიზნესი ისრაელიდან, ეს იქნება ჯანსაღი გარემო, ლაკმუსის ქაღალდი", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება საქართველოში არსებულ დაბალ გადასახადებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მდებარეობასთან ერთად საქართველოს კლიმატური პირობებიც გამოარჩევს.

"ამავდროულად ჩვენი ეკონომიკა პრაქტიკულად აუთვისებელია და ეკონომიკის აღორძინება საქართველოში საწყის ეტაპზეა. ამიტომ ბიზნესმენმა აქ ბიზნესის დასაწყებად განსაკუთრებული სიიოლე შეიძლება მოიპოვოს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მაქსიმალურად კარგი პირობები შეგიქმნათ", -აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. საქართველოს პრემიერის ინფორმაციით, დაიწყება ზრუნვა ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, ასევე მიმოსვლის ღირებულების შემცირებაზე. ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებს ინფორმაცია იმ თანაინვესტირების ფონდზეც მიაწოდა, რომელიც მისი ინიციატივით იქმნება.

"ამ ფონდში მონაწილოებას მიიღებენ წარმატებული ქართველი ბიზნესმენები და, ამავდროულად, ამ ფონდს ექნება თქვენთვის თანაპარტნიორობის ფუნქცია. თუ თქვენ გექნებათ რენტაბელური პროექტი, ფონდი ნებისმიერ თქვენგანს პარტნიორობას გაუწევს. ეს დასაწყისისთვის ბიზნესს ძალიან ეხმარება. ფონდს ეყოლება გამჭვირვალე კვალიფიციური მენეჯმენტი და თუ თქვენი ბიზნესიდან იქნება დასაბუთებული, ჩათვალეთ რომ ადგილობრივი ფინანსები 25-დან 75%-მდე გელოდებათ. მთელი მთავრობა მოწოდებულია იმისთვის, რომ მოვიზიდოთ ინვესტიციები, რამეთუ მხოლოდ ეკონომიკის აღორძინებით მიიღწევა ქვეყნის კეთილდღეობა. ჩვენ ყველა პირობას შევქმნით იმისთვის, რომ თქვენ ბიზნესი აწარმოოთ საქართველოში", - მიმართა ბიძინა ივანიშვილმა საქართველო-ისრაელის ფორუმის მონაწილეებს.

ორდღიანი ბიზნესფორუმი "ჰოლიდეი ინნში" დღეს გაიხსნა და ხვალ დაიხურება. მათში ისრაელის 25 კომპანიის 60-ზე მეტი წარმომამდგენელი მონაწილეობს. შეხვედრას ქართველ ბიზნესმენებთან ერთად ასევე ესწრებიან ეკონომიკის, ფინანსთა და შს მინისტრები, საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე.