რამდენიმე თვეშიც რომ აღუდგეს აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია, მომავალ წელს სასწავლებელში სტუდენტების მიღება იქ მაინც არ იქნება , - ამის შესახებ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განაცხადა.
მან უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ შეაფასა და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც თავად სტუდენტებს შეექმნათ.
სერგო რატიანის თქმით, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში განათლების სამინისტრო, ასევე ავტორიზაციის საბჭომ თავად პრემიერმინისტრიც კი დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, რადგან კანონი არ იცნობს შეჩერების პროცედურას. რატიანის განმარტებით, კანონი იცნობს მხოლოდ ერთ რამეს და ფაქტია, რომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმეს და რაც ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტი გარკვეულ კანონგარეშეა.
"პრობლემა არის იმაში, რომ რამდენიმე თვეშიც რომ აღუდგეს ავტორიზაცია აგრარულ უნივერსიტეტს, მომავალ წელს უნივერსიტეტში სტუდენტების მიღება არ იქნება, რადგან სწორედ ახლა იწყება სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებული პროცედურები", - აღნიშნა სერგო რატიანმა.
მისივე თქმით, კახა ბენდუქიძემ შეძლო უდიდესი პროგრესის მიღწევა სასწავლებელში, თუმცა დღეს უკვე ეს პროგრესი შეჩერებულია. მისი თქმით, თუკი ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რა ზიანი მიაყენა განათლების რეფორმას, მაშინ მათ ამის გაცნობიერებაში დახმარება სჭირდებათ. როგორც რატიანმა აღნიშნა, ზიანი მიადგა სტუდენტებს და დღეს პრობლემა სწორედ სტუდენტებს აქვთ და კონცენტრაციაც სწორედ ამ საკითხზე უნდა მოხდეს.