დავით უსუფაშვილი ვენეციის კომისიის დასკვნით

დავით უსუფაშვილი ვენეციის კომისიის დასკვნით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნით "უკიდურესად კმაყოფილია". უსუფაშვილი აცხადებს, რომ იმ ამოცანების მიღწევა, რაც "ქართულ ოცნებას" ამ კანონპროექტით სურდა, შესაძლებელია. 

"კოალიცია "ქართული ოცნება", ამ კანონპროექტის ავტორები, ვართ უკიდურესად კმაყოფილი იმით, რაც ვენეციის კომისიამ დაასკვნა. შეიძლება ცალსახად განვაცხადო, რომ ჩვენი ამოცანების განხორციელება, რისი მიღწევაც ამ კანონპროექტით გვინდოდა, შესაძლებელია. თუ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც იზიარებენ ჩვენს კმაყოფილებას, ეს კარგია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან მალე, უახლოეს სესიებზე ამ კანონპროექტს ვაქცევთ კანონად", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ვენეციის კომისიამ მკაფიოდ აღნიშნა, რომ თუ ახალ მოდელზე გადასვლის გამო დღეს მოქმედ იუსტიციის საბჭოს რომელიმე წევრი ვერ დააკმაყოფილებს სტანდარტს, მას შეიძლება, შეუწყდეს უფლებამოსილება.

"ვენეციის კომისიამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ მოქმედი სისტემა, მათ შორის მოსამართლეთა თვითმმართველობის ნაწილში, არის შესაცვლელი. ანუ, მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილება გადაცემული ჰქონდა დროებით ორგანოს, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა; ყველა იმ საკითხს, რასაც კონფერენცია უნდა გაძღოლოდა, წყვეტდა ადმინისტრაციული ორგანო. ამ ხალხის მიერ არის დანიშნული იუსტიციის სამინისტროში ბევრი წევრი. ვენეციის კომისიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ მოსამართლეები უნდა წარმოადგენდნენ სხვა მოსამართლეებს – ანუ კონფერენციამ უნდა აირჩიოს ეს ხალხი. ვენეციის კომისიამ ისიც მკაფიოდ აღნიშნა, რომ ახალ მოდელზე გადასვლის გამო, თუ დღეს მოქმედი იუსტიციის საბჭოს რომელიმე წევრი ვერ დააკმაყოფილებს ახალი სისტემით ადგენილ სტანდარტს, შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება. მა შეიძლება, ხელახლა სცადოს ბედი, ოღონდ კონფერენციაზე, სადაც ყველა მოსამართლემ უნდა მისცეს ხმა და არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ექსკლუზიური გადასაწყვეტი გახდეს ეს საკითხი", - დასძინა დავით უსუფაშვილმა.

"საერთო სამართლოების შესახებ" კანონპროექტზე ვენეციის კომისიამ გუშინ იმსჯელა. კომისიის დასკვნა მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.