მომდევნო წლების განმავლობაში თბილისის მერია ახალგაზრდულ და საგანმანათლებლო პროგრამებს გააგრძელებს და გააფართოებს.
ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც ახალგაზრდების განათლების მხარდაჭერისკენ მიმართულ მუნიციპალურ პროგრამებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე დეტალურად ისაუბრა.
"განათლება და მისი ხელშეწყობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის. სწორედ ამიტომ, ვგეგმავთ გავაფართოვოთ "წარჩინებული მაგისტრანტების სასტიპენდიო პროგრამა", რომელიც თბილისში უკვე რამდენიმე წელია, ოპერირებს. ასევე, გვაქვს პროგრამა, რომელიც ეხმარება სტუდენტებს, რომელთაც აქვთ სწავლის სურვილი. ამ პროგრამის საშუალებით, 20 000-მდე მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების, ასევე, შშმ სტატუსის მქონე სტუდენტი დაფინანსდება", - განაცხადა ბასილაიამ.
მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ინიციატივა, რომელსაც მერია აფინანსებს.
"ეს არის ძალიან ბევრი ახალგაზრდული ფესტივალი, ბანაკი, სემინარი, ვორქშოპი. ამ ღონისძიებების დაფინანსებას მომდევნო წლებშიც აქტიურად გავაგრძელებთ", - განაცხადა მან.
მერის მოადგილემ მეწარმეობის განვითარებასა და ახალგაზრდებში ამ უნარის დანერგვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
"ამ მიმართულებით ჩვენ დავიწყეთ საპილოტე პროგრამა, რომლის გაფართოებას ვგეგმავთ. ამ პროექტის ფარგლებში, მომდევნო წლებში დაფინანსდება 100-ზე მეტი ბიზნესმოდელზე დაფუძნებული სამეწარმეო პროექტი" - აღნიშნა ბასილაიამ.
მისივე თქმით, ასევე გაგრძელდება პროგრამა "ისწავლე და დასაქმდი", რომლის ფარგლებში გაძლიერდება ციფრული ტექნოლოგიების მიმართულება.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მერის მოადგილის თქმით, მომდევნო წლისთვის დაიწყება კოჯრის ახალგაზრდული სოფლის მშენებლობა, რომელიც იქნება უპრეცედენტო პროექტი რეგიონისთვის. მისი განცხადებით, შესაბამისი ტერიტორია უკვე მოძიებულია და პროექტიც შემუშავებულია.
გარდა ამისა, მისივე განცხადებით, დაგეგმილია ორი ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა ჩუღურეთსა და დიღმის მასივში; ასევე, როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, განხორციელდება 5 ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაცია.