იმ ოცი ათასი საჩივრის განხილვას, რომელიც სხვადასხვა უწყებებშია შემოსული, სისტემა ვერ მოახერხებს, რის გამოც, დღის წესრიგში დგას რაღაცა სახის ამნისტია , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სასტუმრო "რედისონში" განუცხადა, სადაც საქართველოსთვის მისაღები გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების მოდელის შემუშავებასთან დაკავშირებით კონფერენცია მიმდინარეობს.
მისივე განმარტებით, ამნისტია კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, რათა არც ერთ ადამიანს არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ სიმართლე არ გაირკვა და ვინმე დაუსჯელი დარჩა.
"შევიკრიბეთ, რათა განვიხილით საჭირბოროტო საკითხები, მაგალითად თუ როგორ გავუმკლავდეთ იმ უსამართლობას, რაც წლების განმავლობაში იყო ჩადენილი, რა კონკრეტული მექანიზმები არსებობს ამისთვის. ამ მიმართულებით, როგორც ცნობილია, საქართველოს სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ, იხილავენ შემოსულ საჩივრებს, მაგრამ იმ თხუთმეტი და ოცი ათასი საჩივრის განხილვას, რომელიც სხვადასხვა უწყებაშია დაგროვილი სისტემა ვერ მოახერხებს და მას სასამართლომდე ვერ მიიყვანს, რის გამოც, დღის წესრიგში დგას რაღაცა სახის ამნისტია, ოღონდ, ის უნდა იყოს ძალიან კარგად დასაბუთებული. ამიტომ, დღეს მოვიწვიეთ მსოფლიო დონის ექსპერტები და ისინი მოგვცემენ ძალიან მაღალი დონის რეკომენდაციებს კონკრეტულ მოდელებთან დაკავშირებით",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე განმარტებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამნისტიის პარალელურად დაზარალებული პირების უფლებები სრულად იყოს დაცული.
"ჩვენი მსჯელობის საგანია, როგორ მოვახერხოთ, რომ დაზარალებული პირების უფლებები იქნას დაცული. მოსახლეობას ჰქონდეს სრული განცდა, რომ სიმართლე გაირკვა და დაუსჯელი არავინ დარჩა. თუმცა სასჯელის ფორმებსა და ზომებთან დაკავშირებით საჭიროა მივიღოთ რჩევები მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.