სამხედრო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელ მეგის ქარდავას კიდევ ერთ ბრალდებას წაუყენებენ. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ განაცხადა, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.
მისი თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტიდან შემოსული მასალების საფუძველზე დაიწყო. პაიჭაძის განმარტებით, დადგენილია, რომ 2012 წლის 21 ივლისს მეგის ქარდავას უკანონო დავალებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თავისუფლება აღუკვეთეს აფხაზეთიდან დევნილ გ. ჩ.-ს.
პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავას ბრძანებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირველი რეგიონალური სამმართველოს უფროსმა თორნიკე გუნავამ, ამავე სამმართველოს ოპერატიულ საგამოძიებო განყოფილების უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებლებმა - ალექსანდრე კუჭუაშვილმა და მერაბ მეტრეველმა, ოპერატიული საგამოძიებო განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელმა მამუკა წურწუმიამ, სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციის დეტექტივების სამმართველოს გამომძიებელმა გიორგი სამუშიამ, კოხტა კოდუამ და სხვა პირებმა, გ. ჩ.-ს აიძულეს ეღიარებინა, თითქოს რუსების დავალებით ფულის სანაცვლოდ, ზუგდიდში უნდა გადმოეტანა ბომბი, რაზეც მისგან მიიღეს კატეგორიული უარი.
ხათუნა პაიჭაძის განცხადებით ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებაზე უარის თქმის შემდეგ, მეგის ქარდავას დავალებით გ.ჩ. ავტომანქანით გადაიყვანეს ზუგდიდიდან თბილისში და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მესამე სართულზე, #308 ოთახში ხელბორკილებით მიაბეს საწოლზე.
"მეგის ქარდავა, თორნიკე გუნავა, ალექსანდრე კუჭუაშვილი, მერაბ მეტრეველი, მამუკა წურწუმია, გიორგი სამუშია, კოხტა კოდუა და სხვები ბორკილებით საწოლის სახელურზე მიმბულ გ. ჩ-ს სცემდნენ, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და აიძულებდნენ ეღიარებინათ რუსეთის დავალებით ფულის სანაცვლოდ ზუგდიდში ბომბის გადმოტანა და შპიონაჟში იმ პირების დადანაშაულება, რომლებსაც თავად დაუსახელებდნენ", - განაცხადა ხათუნა პაიჭაძემ.
მისი თქმით, 2012 წლის 25 ივლისს გ. ჩ-მ მოახერხა ხელბორკილებისგან გათავისუფლება და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის #308 ოთახის ფანჯრიდან გადახტა. გ. ჩ. თავით დაეცა სამსახურებრივ ავტომანქანას, რის შემდეგაც მიიღო დაზიანება.
"ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ქარდავას დავალებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ. ჩ. გადაიყვანეს გორში და სამხედრო ჰოსპიტალში გამოგონილი ფსევდონიმით მოათავსეს, სადაც ის 2012 წლის 25 ივლისიდან 8 აგვისტომდე საწოლზე ხელბორკილებით მიბმული ჰყავდათ. 2012 წლის 8 აგვისტოს, გ. ჩ. თორნიკე გუნავამ, მამუკა წურწუმიამ და გამოძიებით დაუდგენელმა ორმა პირმა თვალებახვეული და ხელბორკილებდადებული იძულებით გადაიყვანეს სამხედრო ჰოსპიტალიდან და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ იგი გადასცეს გამოძიებით დაუდგენელ პირებს, რომლებმაც ხელბორკილებით დაბმული მოათავსეს მიწურში, სადაც 2012 წლის 14 აგვისტომდე ჰყავდათ დამწყვდეული.", - განაცხადა ხათუნა პაიჭაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულები და დაკავებულები არიან თორნიკე გუნავა, ალექსანდრე კუჭუაშვილი, მამუკა წურწუმია, მერაბ მეტრეველი. ასევე, გიორგი სამუშიას და კოხტა კოდუას ბრალი წარედგინათ დაუსწრებლად.
პაიჭაძის თქმით, მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს წინაშე უკვე იშუამდგომლა დასახელებულ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. რაც შეეხება მეგის ქარდავას, მას უახლოეს პერიოდში წარედგინება დაზუსტებული ბრალდება.