მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლისას, წინასწარი ინფორმაციით, ასეულობით მილიონი ლარის დანაკლისი აღმოჩნდა.
როგორც ჟურნალუსტებს არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე ციფრების დაზუსტება მიმდინარეობს, რის შემდეგაც გამოიკვეთებიან პასუხისმგებელი პირები.
"ჩვენი და შს სამინისტროს შესაბამისი უწყება ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლას 2005-2012 წლებში. წინასწარი მონაცემებით შეიძლება ითქვას, რომ უკვე გამოჩნდა რამდენიმე ასეული მილიონი ლარის დანაკლისი. ამ ეტაპზე ხდება სარევიზიო აქტებით ციფრების დაზუსტება. შემდეგ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებით მოხდება პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა. როცა ეს საკითხი დასრულდება, საზოგადოებას ამის შესახებ ეცნობება", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ სამხედრო გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში "ნაციონალური მოძრაობის" საწვავით მომარაგებას ეხებოდა, კბილაშვილის განმარტებით აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურას მონაცემები მალე გადაეგზავნება.
"ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ვაწარმოებთ გამოძიებას. თავდაცვის სამინისტროს მონაცემები მალე ჩვენთან იქნება გადმოგზავნილი და უკვე ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას", - დასძინა მთავარმა პროკურორმა.