ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს ფრანკ ბელფრაგეს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, სახელმწიფო მინისტრმა სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა შვედეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართა.
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სადილზე ალექსი პეტრიაშვილმა შვედურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მნიშვნელობას და განსაკუთრებულად აღნიშნა ამ ფორმატში შვედეთის, როგორც ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორის მიერ შეტანილი წვლილი.
შეხვედრაზე შვედური მხარე საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით არსებულ კონსენსუსს მიესალმა, რაც მიმდინარე წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში აისახა.
ალექსი პეტრიაშვილმა ფრანკ ბელფრაგეს მიაწოდა ინფორმაცია 2013 წელს ვილნიუსში დაგეგმილი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა შვედეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შვედეთის თავდაცვის მინისტრ კარინ ენსტრომთან გამართა.
მხარეებმა შეხვედრაზე თავდაცვისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ასევე, საქართველო-შვედეთს შორის თავდაცვის სფეროში თანაშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.