შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან სამეგრელოს რეგიონში საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა იზრდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, სამეგრელოს
რეგიონში პატრულირება საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟებით განხორციელდება, კერძოდ, 14 საპატრულო ეკიპაჟის ნაცვლად რეგიონს 20 ეკიპაჟი მოემსახურება.
შსს-ს ცნობით, საპატრულო პოლიციის ზუგდიდის სამმართველოს 3 საპატრულო ეკიპაჟი დაემატება და დღეიდან ქალაქს 8 ეკიპაჟი მოემსახურება, სამეგრელოს მაგისტრალის სახაზო განყოფილების 5 ეკიპაჟს კი - 2 დაემატება, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვას გააუმჯობესებს.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ზუგდიდან ანაკლიის მიმართულებით პატრულირებას რეგულარულად განახორციელებს 1 ეკიპაჟი, რაც აქამდე მხოლოდ საკურორტო სეზონის დროს ხდებოდა.
სამინისტროს განმარტებით, ცვლილებები სამეგრელოს რეგიონის საპატრულო პოლიციაში სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა.
"რეგიონის მასშტაბიდან გამომდინარე, ეკიპაჟების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საპატრულო ეკიპაჟების დამატების რეფორმა, 2012 წლის დეკემბერში, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველად თბილისში განხორციელდა და დღეისთვის 75-ის ნაცვლად, დედაქალაქს 111 საპატრულო ეკიპაჟი ემსახურება. ამ მიმართულებით სამინისტრო კვლავ გეგმავს რეფორმის გაგრძელებას, რომლის ფარგლებშიც, საპატრულო ავტომანქანებისა და პოლიციელების რაოდენობა უახლოეს მომავალში ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გაიზრდება", - აცხადებენ შსს-ში.