ალექსანდრე ბარამიძე - ვენეციის კომისიამ მწვანე შუქი აუნთო რეფორმას, რომელიც მთავრობის ინიციატივით უნდა განხორციელდეს

ალექსანდრე ბარამიძე - ვენეციის კომისიამ მწვანე შუქი აუნთო რეფორმას, რომელიც მთავრობის ინიციატივით უნდა განხორციელდეს

ვენეციის კომისიამ მწვანე შუქი აუნთო რეფორმას, რომელიც მთავრობის ინიციატივით უნდა განხორციელდეს, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ , ალექსანდრე ბარამიძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" ვენეციიდან სატელეფონო ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ შეთავაზებული წინადადებების 95 % ცალსახად მხარდაჭერილია.

"იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, ყველა ძირითადი დებულება, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესს, ახალ ცვლილებებს, თუ როგორ უნდა იქნეს არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა და, ასევე, მართლმსაჯულების რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ფორმირება, იქნა ცალსახად მხარდაჭერილი. ამით ვენეციის კომისიამ მწვანე შუქი აუნთო რეფორმას, რომელიც მთავრობის ინიციატივით უნდა განხორციელდეს", - აღნიშნა ბარამიძემ.

მისივე განმარტებით, იუსტიციის მინისტრმა ვენეციის კომისიას წერილი მისწერა, სადაც არის მზადყოფნა, რომ მოხდეს ლეგიტიმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ მოსამართლე წევრებისა, რომლებიც, ბარამიძის თქმით, არჩეული არიან არალეგიტიმური წესით.

"ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, შევიტანთ გარკვეულ ცვლილებებს არსებულ კანონპროექტში, თუმცა, კომისიამ ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მოგვცა სხვა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც და ჩვენ შევეცდებით, რომ რეკომენდაციების შესაბამისად, ის, რაც მნიშვნელოვანია, ავსახოთ კანონპროექტში", - დასძინა ბარამიძემ.