ვენეციის კომისიამ დაასკვნა, რომ არამართლზომიერი და გაუმართლებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეცვლა არჩევნების შედეგად , - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ვენეციის კომისიამ ამ დროისთვის უკვე დაასრულა საქართველოდან წარდგენილი საკითხების განხილვა და მათი მოლოდინის მიხედვით კომისიამ სრულიად დაიკავა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის პოზიცია.
"ვენეციის კომისია მოითხოვს საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანონის მნიშვნელოვან შეცვლას. საქმე ეხება მთავარ სულისკვეთებას, მთავარ მომენტს ამ კანონისა. ვენეციის კომისიამ დაასკვნა, რომ არამართლზომიერი და გაუმართლებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეცვლა არჩევნების შედეგად. ის განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში ნამდვილად ჩნდება ეჭვი იმისა, რომ ეს იქნება პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და სურვილი მთავრობისა, დაიქვემდებაროს სასამართლო სისტემა", - აღნიშნა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, ყოველივე აქედან გამომდინარე ვენეციის კომისია განმარტავს, რომ ყოველი შემდგომი არჩევნების შემდეგ ხელისუფლებას შეიძლება ჰქონდეს ცდუნება, სასამართლო სისტემა თავის სურვილებსა და განზრახვებს დაუქვემდებაროს.
"მთავარი, რაც ვენეციის კომისიამ დაასკვნა არის ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა. მათი ვადამდე ფუნქციის შეწყვეტა არის გაუმართლებელი და ასევე გაუმართლებელია კანონის იმგვარად ფორმულირება, რომ არჩევნების შემდგომ და პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ვინმეს შეეძლოს სასამართლო სისტემის მმართველი და მთავარი მაორგანიზებელი ორგანოს პერსონალური შემადგენლობის შეცვლა", - განმარტა გაბაშვილმა.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება ვენეციის კომისიის აღნიშნულ დასკვნას გაითვალისწინებს და კანონს, რომელიც წარდგენილია პარლამენტში, გაიწვევს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით გადაამუშავებს.