"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ თავდაცვის მინისტრი პოლიტიკური თემებით არის დაკავებული , - ამის შესახებ ბარამიძემ დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
საუბარია ირაკლი ალასანიას უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში "ნაციონალური მოძრაობა" შეიარაღებული ძალების საწვავით მარაგდებოდა. ბარამიძის თქმით, სამწუხაროა, რომ თავდაცვის სამინისტრო უკიდურესად პოლიტიზებულია და პოლიტიკური თემებით არის დაკავებული.
დეპუტატის აზრით, მათი განცხადებების უმეტესობა არის ხელისუფლების ოპონენტებზე ანუ "ნაციონალურ მოძრაობაზე" თავდასხმის მიზნით გაკეთებული. მისივე თქმით, ნაკლებად ისმის განცხადებები იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა თავად თავდაცვის სამინისტროს სისტემის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებისთვის.
გიორგი ბარამიძე სახიფათო ტენდენციად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ "უფრო და უფრო ხშირად აჩენენ სამხედრო ფორმიან ადამიანებს და სამხედრო პირები გამოჰყავთ წინა პლანზე", რადგან სამხედროები პოლიტიკური საკითხებისგან, მისი თქმით, შორს უნდა იყვნენ.
რაც შეეხება ბრალდებებს, ბარამიძის თქმით, რაც არ უნდა ბრალდებები იყოს, ეს არის გამოსაძიებელი, თუმცა, ეს არის მხოლოდ ბრალდება და არა მტკიცებულება. მისი აზრით, ამასთან დაკავშირებით რაიმე აჟიოტაჟის ატეხვა არ ღირს და თუ საჭიროდ თვლიან, ეს საკითხი უნდა გამოიძიონ.