„არმიის საწვავი ნაციონალური მოძრაობისთვის“

„არმიის საწვავი ნაციონალური მოძრაობისთვის“

წინასაარჩევნო პერიოდში, სამეგრელოს რეგიონში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისთვის საწვავის მიწოდება უკანონოდ ხდებოდა. ამ თემასთან დაკავშირებით დღეს, თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ჩიხრაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.


2013 წლის 29 იანვარს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო–ზემო სვანეთის საგამოძიებო განყოფილებაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება–გაფლანგვის ფაქტს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2012 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის იმდროინდელმა უფროსის მოადგილემ გიორგი კალანდაძემ სიტყვიერი ბრძანებით, შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალს გიორგი კერესელიძეს დაავალა, II ქვეითი ბრიგადის მეთაურისთვის ზვიად გაგუასთვის, მოთხოვნის შესაბამისად დიზელისა და ბენზინის საწვავი მიეწოდებინა. საწვავი უნდა მიეწოდებინათ მუხიანის საწვავ-საპოხი მასალების ბაზიდან ამავე ბაზის ბენზინმზიდებით, რომლებიც აღჭურვილი იქნებოდნენ საწვავის მრიცხველებით და ავტომანქანის ავზში ბენზინის ჩასასხმელი მოწყობილობით. მძღოლები უნდა ყოფილიყვნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული და ჩამორთმეული უნდა ჰქონოდათ სამსახურეობრივი მოწმობები. მანქანებზე დამაგრებული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო ოპერატიული ნომრები და მათ მოხსნილი უნდა ჰქონოდათ სამხედრო ტრანსპორტისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი, რათა მოსახლეობას აღექვა, როგორც სამოქალაქო სატრანსპორტო საშუალებები.

გ.კერესელიძემ, გ.კალანდაძის ბრძანების შესრულებზე კონტროლი დაავალა ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შტაბის უფროსს დავით ლაზვიაშვილს, რომელიც უკავშირდებოდა ზ.გაგუას და საწვავის სენაკში გაგზავნის თაობაზე დავალების მიღების შემდეგ მითითებას აძლევდა მუხიანის ბაზის მეთაურს ღენტორ მელაძეს. ამ უკანასკნელმა მეორე ქვეით ბრიგადაში 2012 წლის 22, 26 და 28 სექტემბერს გააგზავნა დაახლოებით 22 000 ლიტრი ბენზინი და 14 600 ლიტრი დიზელის საწვავი.

ბრიგადის მეთაურმა ზ.გაგუამ მუხიანის ბაზიდან მიღებული ზემოაღნიშნული საწვავი დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით გაფლანგა და გასცა სამეგრელოს რეგიონში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებზე, რათა მათ შეძლებოდათ წინასაარჩევნო ღონისძიებებზე ტრანსპორტით გადაადგილება. ამისათვის მან უკანონოდ გასცა:
- 8 სექტემბერს ბრიგადის საცავებში შენახული დიზელის საწვავი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაქირავებულ 14 მიკროავტობუსზე - 839 ლიტრი.
- 23 სექტემბერს, 227 სატრანსპორტო საშუალებაზე - 6 800 ლიტრი დიზელი და 1 750 ლიტრი ბენზინი.
- 28 სექტემბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირის ა/გასამართ სადგურიდან ასევე უკანონოდ გაიცა 4 020 ლიტრი დიზელი და 11 000 ლიტრი ბენზინი. 
- 30 სექტემბერს 45 ავტომანქანაზე 3 370 ლიტრი ბენზინი.
ამდენად 8, 23, 28 და 30 სექტემბერს, როდესაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მათი მხარდამჭერები სამეგრელოს რაიონებში ატარებდნენ მიტინგებს და აქციებს, ზ.გაგუას მითითებით მუხიანის ბაზაზე რიცხული ავტომანქანები იდგნენ ქ.ზუგდიდში, ქ.ხობში და შეუფერხებლად უკანონოდ აწვდიდნენ საწვავს ნაციონალური მოძრაობის მიერ მობილიზებულ სატრანსპორტო საშუალებებს.
ქ.ზუგდიდში საწვავის გაცემას ზემოაღნიშნულ ტრანსპორტზე ხელმძღვანელობდა სამეგრელო ზემო სვანეთის შს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კოხტა კოდუა, ხოლო ხობში კუდ-ის პირველი მთავარი სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსი დიმიტრი ჭაკუა.
დანაშაულის დაფარვის მიზნით, მეორე ბრიგადის შტაბის G-4-ის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მაიორ გოგოლაძის, მომარაგების საწყობის უფროსი გამმართველის სერჟანტ ნოდარ დიასამიძის და S-4-ის განყოფილების სპეციალისტის სერჟანტ თამაზ შეყრილაძის მიერ, 2012 წლის 25 ოქტომბრის თარიღით შედგენილ იქნა საწვავის გადაცემის ყალბი ცალმხრივი აქტი, თითქოსდა 2012 წლის 28 სექტემბერს 11 080 ლიტრი ბენზინის საწვავი გადაეცა შს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს. აღნიშნულის დასტურად წინამდებარე აქტს დაურთეს სამი ზედდებული საწვავის კონკრეტულ პირებზე გაცემის შესახებ.

ზემოაღნიშნული ყალბი აქტი დაამტკიცა მეორე ქვეითი ბრიგადის მეთაურმა ზვიად გაგუამ.
გამოძიების პროცესში დაკითხულმა მუხიანის საწვავ-საპოხი მასალების ბაზის მძღოლებმა გოგიბერიძემ, პატარაიამ და გოგონაძემ დაადასტურეს, რომ 2012 წლის 22 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე მათზე გაპიროვნებული ავტომანქანებით რამდენჯერმე გადაიტანეს დიზელისა და ბენზინის საწვავი სენაკში, საიდანაც ბრიგადის ხელმძღვანელთა მითითებით, მათივე თანხლებით, ბრიგადის ტერიტორიიდან საწვავი გაქონდათ სხვადასხვა ტერიტორიებზე (ხობის ცენტრალურ სტადიონზე, ხობის ყოფილი ასფალტის ქარხნის ეზოში, კერძო პირის ბენზოგასამართ სადგურზე და სხვა) და გასცემდნენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტთა ავტომანქანებზე, რასაც ,,შავ უწყისებში“ ასახავდნენ ბრიგადის სერჟანტები - შეყრილაძე და ფუთკარაძე.
დაკითხული მძღოლების ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ მუხიანის ბაზის ხელმძღვანელის ღ. მელაძის მითითებით თავიანთი ბაზიდან სენაკის მიმართულებით ნაცვლად სამხედრო ფორმისა გადაადგილდნებოდნენ სამოქალაქო ტანსაცმლით და ე.წ. ოპერატიული სანომრე ნიშნებით.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ შეყრილაძე და ფუთკარაძე საწვავის გაცემას მოქალაქეთა პირად ავტომობილებზე ახდენდნენ ბრიგადის ტერიტორიის გარეთ, მათ შორის სხვა ქალაქებშიც (ხობი, ზუგდიდი), ხოლო ნ.დიასამიძე საწვავს უკანონოდ გასცემდა უშუალოდ ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული ავზებიდან. 
მოწმის სახით დაკითხულია დაახლოებით 400 პირი. მათ შორის 300-ზე მეტი მძღოლი, რომლებიც ადასტურებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრთა დავალებით 2012 წლის სექტემბრის თვეში ისინი მობილიზებული იყვნენ სამეგრელოს რეგიონში და გადაჰყავდათ მათი აქტივისტები ერთი ღონისძიებიდან სხვა ღონისძიებაზე და ისინი საწვავს ისხამდნენ იმ ბენზინმზიდებიდან, რომლებიც ზ.გაგუას დავალებით იყო გაგზავნილი.

გამოძიების მიერ ამოღებულია სამხედრო მოსამსახურეთა მიერ ნაწარმოები ე.წ „შავი უწყისები“ და ზედდებულები, რომელთა მონაცემების მიხედვით, მეორე ბრიგადის მიერ მიღებული საწვავის საერთო რაოდენობიდან 12 315 ლიტრი დიზელის საწვავი და 11 365 ლიტრი ბენზინი უკანონოდ გაიცა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა ავტომანქანებზე, რითაც თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტმა განიცადა 58 536 ლარის ზარალი.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივი ქმედების ერთერთი ორგანიზატორი და შემსრულებელი, მეორე ქვეითი ბრიგადის იმდროინდელი მეთაური ზვიად გაგუა აღნიშნული დროისათვის იყო მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული - პრობაციონერი.

საქმეზე გრძელდება გამოძიება ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა მხილებისათვის.