თავდაცვის სამინისტრო დიმიტრი შაშკინის ხელმძღვანელობის პერიოდში უწყების მიერ არამიზნობრივად გაწეულ ხარჯებზე საუბრობს და აცხადებს , რომ წინასაარჩევნო პერიოდში "ნაციონალური მოძრაობა" შეიარაღებული ძალების საწვავით მარაგდებოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება თავდაცვის სამინისტროში გაკეთდა. როგორც თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა განაცხადა, საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს.
"თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას გასულ წლებში უწყების ყოფილი ხელმძღვანელობის მიერ გაწეული არამიზნობრივი ხარჯების შესახებ. წარმოგიდგენთ საქმეს, რომელსაც სამხედრო პოლიცია იძიებს. მას პირობითად შეიძლება ვუწოდოთ "ქართული არმიის საწვავი "ნაციონალური მოძრაობისთვის", რომელიც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პერიოდს ეხება და რომელიც ცხადყოფს, თუ როგორ ხდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" საწვავით მომარაგება საქართველოს სამხედრო შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილებიდან", - განაცხადა ვაკო ავალიანმა.
მისივე განმარტებით, მხოლოდ ერთ ეპიზოდში, რომელიც აღნიშნული კუთხით სამეგრელოს რეგიონში განხორციელებულ დანახარჯებს შეეხება, არამიზნობრივად გამოყენებული იყო თავდაცვის სამინისტროს 22 ათასი ლიტრი ბენზინი და 16 ათასი ლიტრი დიზელის საწვავი, რის გამოც უწყებას 55 ათასი ლარის ოდენობის ზარალი მიადგა.
ამასთან, პრესკონფერენციაზე საქმის დეტალებზე ისაუბრა სამხედრო პოლიციის უფროსმა კახაბერ ჩიხრაძემ. მისი განმარტებით, შესაბამისი ბრძანება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის იმდროინდელი მოადგილის გიორგი კალანდაძის მიერ იქნა გაცემული.
"2012 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე გიორგი კალანდაძემ სიტყვიერი ბრძანებით შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალ გიორგი კერესელიძეს დაავალა მეორე ქვეითი ბრიგადის მეთაურ ზვიად გაგუას დიზელითა და ბენზინით იმ რაოდენობით უზრუნველყოფა, რა რაოდენობასაც მოითხოვდა ბრიგადის მეთაური. ამასთან, საწვავი უნდა მიეწოდებინათ მუხიანის ბაზიდან ამაზე ბაზის ბენზინმზიდებით. გარდა ამისა, მძღოლები უნდა ყოფილიყვნენ ჩაცმული სამოქალაქო ტანსაცმელში, მანქანას კი, მოხსნილი უნდა ჰქონოდა სამხედრო ტრანსპორტისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი და ის წარმოდგენილი ყოფილიყო სამოქალაქო ნომრებით", - აღნიშნა სამხედრო პოლიციის უფროსმა, რომლის განმარტებითაც აღნიშნულ პერიოდში ბრიგადის მეთაური ზვიად გაგუა მსჯავრდებული იყო.
მისივე განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავდაცვის უწყების საწვავით მომარაგების თაობაზე ჯერ მხოლოდ ერთი ეპიზოდია გამოვლენილი, რაზეც სამხედრო პოლიციამ გამოძიება 2013 წლის 29 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის II ნაწილის დ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.
რაც შეეხება იმას, დადგება თუ არა რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ან დაკითხვაზე იქნებიან თუ არა დაბარებულები დიმიტრი შაშკინი და გიორგი კალანდაძე, კახაბერ ჩიხრაძის განმარტებით, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.