საკრებულოს წევრი, პარტია "საქართველოს გზის" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ბალიაშვილი თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელისგან გათავისუფლებული ექიმების სამსახურში დაბრუნებას მოითხოვს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბალიაშვილი მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივ მოსაგვარებელია ის პრობლემა, რომ სასწრაფო გამოძახების ადგილებზე საათისა და საათნახევრის დაგვიანებით მიდის.
"არ ვსაუბრობ იმ შესაძლო პრობლემებზე, რაც სასწრაფოშია, კახა ჩიხრაძე სასწრაფოს ხელმძღვანელად დაახლოებით ერთი თვის წინ დაინიშნა. სასწრაფოში არსებული პრობლემების გამო ჩვენი აქტიურობის შედეგია ის, რომ წინა ხელმძღვანელი გათავისუფლებული იქნა. არავითარი სურვილი არ მაქვს, დღეს ჩიხრაძის გადადგომის აუცილებლობაზე ვისაუბრო" - აცხადებს ბალიაშვილი.
მისივე თქმით, იგი გეგმავს, მომავალ კვირაში საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-თბილისელების" სხდომაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობის მოწვევას და დეტალურად გააეცნობა იმ პრობლემებს, რომელიც მოსაგვარებელია.
"მოვითხოვ კახა ჩიხრაძისაგან, დაუყოვნებლივ აღადგინოს თავის პოზიციებზე ყველა ის განთავისუფლებული ექიმი, რომელთა გათავისუფლების მცდელობა სულ რამდენიმე დღის წინაც ჰქონდა, ა უკან დაიხია და მისი გადაწყვეტილება აფექტით ახსნა. ვფიქრობ, მისი გუშინდელი გადაწყვეტილება არსებული შრომის კანონით სარგებლობის თვალსაჩინო მაგალითია, რომლის შეცვლაც იგეგმება" - განაცხადა ბალიაშვილმა.
მისივე თქმით, ჩიხრაძე აქტიურად აკეთებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ ექიმებს შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ.
"საინტერესოა, რომელი კანონით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, იმ შრომის კანონით, რომელიც დამსაქმებელს უფლებას აძლევს დასაქმებული ორსული ქალი სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვას? იმედს ვიტოვებ, ჩვენი ფრაქციის და სასწრაფოს ხელმძღვანელობის შეხვედრის დღის წესრიგში განთავისუფლებულ ექიმთა დაბრუნების საკითხი მომავალ კვირას აღარ იქნება", - აცხადებს ბალიაშვილი.