"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ფინანსური ამინისტიის შესახებ პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესწორებულ ვარიანტს შეიტანს.
როგორც "ნაციონალების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, შესწორებებთან დაკავშირებით ამ დროისთვის მიმდინარეობს მსჯელობა.
"პრეზიდენტის მიერ ამნისტიის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით უმრავლესობის მხრიდან ძირითადად კრიტიკა ეხებოდა იმას, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ამ კანონის მიღება იმ მიზნით სურს, რომ წარსულში ხელისუფლებასთან დაახლოებული გარკვეული ბიზნესმენების მიერ არალეგალურად ნაშოვნი თანხების ლეგალიზაცია მოხდეს. ახალ ინიციატივაში, რომ ყველა მსხვილ ბიზნესმენებს შეიძლება შემოვუღოთ გარკვეული ზღვარი და ვთქვათ, რომ ყველა ის კომპანია, რომლის ბრუნვაც არის მილიონზე ნაკლები, დაექვემდებარება ამნისტიას და ყველა დანარჩენს ეს არ შეეხება. ეს ზღვარი შეიძლება იყოს ნახევარმილიონიანიც. ამასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ უმრავლესობა გაიზიარებს "ნაციონალური მოძრაობის" მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. როგორც ჯაფარიძე აცხადებს, ამ კანონის მიღება ხელს შეუწყობს საქართველოში ბიზნესის განვითარებას.
პარლამენტმა პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივა ფინანურ-საგადასახადო ეკონომიკური დანაშაულის ამნისტიის შესახებ ხმათა უმრავლესობით ჩააგდო.