პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი სამინისტროსთვის სახელწოდების შეცვლის შესახებ დოკუმენტს ხელს არ აწერს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, გასული წლის ნოემბერში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ იქნა ინიცირებული პოზიცია, რომ სამინისტროს სახელი შეცვლოდა.
"ადრე ამ უწყებას ერქვა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ეს სახელი შეიცვალა და დაერქვა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. აფხაზებმა და ოსებმა ეს მიიღეს ძალიან უარყოფითად და ისედაც გართულებულ და დისტანცირებულ, გაუცხოების პროცესში, კიდევ უფრო გაუცხოვდნენ. ამ ერთ სახელში, მაგალითად რეინტეგრაციაში, მოიყარა თავი ორმა მიმართულებამ, ერთის მხრივ კონფლიქტებმა, რომელიც რეალურად არსებობდა, მეორე მხრივ ნამდვილმა ინტეგრაციამ, რომელიც ქვეყანაში არსებობს. აფხაზებმა და ოსებმა უცებ ჩათვალეს - იმის მაგივრად, რომ კონფლიქტები მოაგვარონ ქართველებმა ჩვენთან, აღმოჩნდა, რომ მათ უკვე მოგვარებული აქვთ კონფლიქტები და ახლა თუნდაც აზერბაიჯანელებთან, სომხებთან და სხვასთან ერთად აპირებენ ჩვენს ინტეგრაციას", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისი თქმით, როგორც კი გახდა სახელმწიფო მინისტრი, მაშინვე ჰქონდა კონტაქტები აფხაზურ და ოსურ მხარესთან და მათ შეჰპირდა, რომ აუცილებლად შეცვლიდ უწყების სახელს.
"მართლაც გვინდოდა ახალ წლამდე მოგვესწრო და ნოემბერში გავიტანე მთავრობის სხდომაზე. ნოემბერშივე გადაეგზავნა მიხეილ სააკაშვილს ხელმოსაწერად. დღემდე არ არის ხელმოწერილი და არც არავითარი ან დადებითი, ან უარყოფითი გამოხმაურება არ ყოფილა. არც ის უთქვამს - ან არ ვარგა, ან მიუღებელია", - აღნიშნა მინისტრმა.
ზაქარეიშვილმა ამ სახელის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა და ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ უნდა წინასწარ მოხდეს ამ სახელის დისკრედიტაცია.
"ვინაიდან აფხაზებისთვის და ოსებისთვის ნებისმიერი სახელი მიუღებელი იქნება, დაიწყებენ წინასწარ ამის კრიტიკას და დისკრედიტაციას. ნებისმიერი სახელი, რაც არ უნდა იდეალური მოვიგონოთ, მაინც მოყვება კრიტიკა. ვინაიდან ისინი სახელს არ გვთავაზობენ და სახელი კი მიუღებელია, ჩვენ ვართ მორალურად წელში გამართულები. ჩვენ ვამბობთ, რომ ის, რაც არ მოგწონდათ, ხომ ვცვლით", - დასძინა ზაქარეიშვილმა.