შპს "თბილავიამშენის" აღმასრულებელ დირექტორად "ქართუ ჯგუფის" ყოფილი პრეზიდენტი გიგა ჩრდილელი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" თავად ჩრდილელმა დაუდასტურა. მისი განმარტებით, ახალ თანამდებობაზე მუშაობას ერთი კვირის წინ შეუდგა.
"მე გავხდი "თბილავიამშენის" აღმასრულებელი დირექტორი, თუმცა ეს არ ნიშნავს პირველ პირობას. მე მაქვს ჩემი კონკრეტული ფუნქციები და ამოცანები, თუმცა მისი დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ", - აღნიშნა ჩრდილელმა.
როგორც ცნობილია, გიგა ჩრდილელი "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც პოლიტიკაში შემოსვლისთანავე ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა და გიგა ჩრდილელი "ნაციონალური მოძრაობის" აგენტობაში დაადანაშაულა.
"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, ამოწურულია თუ არა მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის აღნიშნულის გამო შექმნილი ერთგვარი უხერხულობა, ჩრდილელის განმარტებით, ეს მისი და პრემიერის პირადი საკითხია.
"ეს არის ჩემი და პრემიერის პირადი საკითხი და მოდით, ამ თემას ნუ შევეხებით", - აღნიშნა ჩრდილელმა.
ამასთან, გიგა ჩრდილელმა არ დააკონკრეტა, თუ ვისი რეკომენდაციით დაინიშნა თანამდებობაზე.