შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამშრომელ ქალებს 8 მარტი პირადად მიულოცა.
მინისტრმა უწყებაში გამართულ ღონისძიებაზე ოპერატიული სამძებრო დანაყოფების რამდენიმე ათეული თანამშრომელი ქალი წარმატებული მუშაობისთვის სამინისტროს მედლებით დააჯილდოვა. ამასთან, მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ღონისძიებას შს სამინისტროს დანაყოფების ხელმძღვანელებიც დაესწრნენ.
"ვაღიარებ, რომ თქვენ ხართ სამინისტროს საამაყო თანამშრომლები და თქვენი როლი ჩვენი უწყებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომაც ჩემი სურვილი იყო, რომ დღევანდელი დღე პირადად მომელოცა. გავარკვიე, რომ სამინისტროში ამჟამად თანამშრომელთა მხოლოდ 12,5%-ს შეადგენს ქალების რაოდენობა. ჩემი ერთ-ერთი მთავარი სურვილი და პრიორიტეტია, რომ შემდეგი ორი წლის განმავლობაში ქალთა რაოდენობა 20%-მდე გავზარდო, ასევე ჩემი სურვილია ქალები იყვნენ თანასწორნი კარიერულ წინსვლაში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, სწორედ ოპერატიული სამძებრო დანაყოფების თანამშრომელი ქალბატონების წარმატებულ საქმიანობას უკავშირდება ისეთი საქმეების გახსნა, როგორიცაა ტრეფიკინგი, ოჯახური ძალადობა, არასრულწოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული და სხვა.
"მიხარია, რომ თქვენ ხართ ჩვენი თანამშრომლები. გილოცავთ და ასევე ვულოცავ ყველა მანდილოსანს დღევანდელ დღეს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
თავის მხრივ უწყების წევრმა ქალბატონებმა მინისტრს დაჯილდოებისა და საჩუქრებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს რომ მათთვის მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელიც უწყებაში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გატარდა.
"ახალი რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ქმნის შესაძლებლობას ჩამოყალიბდეს ახალი პოლიცია, რომელიც საზოგადოებაზე უფრო მეტად იქნება ორიენტირებული. ვამაყობთ, რომ ჩვენ ამ რეფორმის ნაწილი ვართ, ჩვენთვის დიდი აპტივია ამ სამინისტროში მუშაობა" – აღნიშნა უწყების ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქალბატონმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ყოველი წლის 8 მარტს თანამშრომელი ქალების განსაკუთრებული დამსახურებისთვის დაჯილდოება შს სამინისტროში ტრადიციად დამკვიდრდება.