ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 18:00 საათზე მხატვარ ნელი ბერაიას ნამუშევრები გამოიფინება.
"საქველმოქმედო გამოფენა (ფერწერა მძივებით) ეძღვნება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს. საქველმოქმედო გამოფენის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი", - განმარტავენ სამინისტროში.
გამოფენას დაესწრებიან ხელოვანები, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები.