საქართველოს საპარლამენტო უმცირესობა ვენეციის კომისიის დღევანდელ სხდომაზე აპირებს, "მკაფიოდ დააფიქსიროს", რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონის ზოგიერთი დებულება ევროპაში დამკვიდრებულ სტანდარტს ეწინააღმდეგება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ვენეციაში მყოფმა ქართული დელეგაციის წარმომადგენელმა, უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა განუცხადა, კანონპროექტი, რომელიც მთავრობამ მოამზადა, რეალურად "ქართული ოცნების" პოლიტიკურ მიზანს ემსახურება.
"რთულია პროგნოზის გაკეთება, რა პოზიცია ექნებათ ვენეციის კომისის წევრებს - მოვლენებს არ გავუსწრებ, თუმცა კანონი, რომელიც მთავრობას რეფორმის იდეით აქვს პარლამენტში შემოტანილი, ემსახურება პოლიტიკურ მიზანს. მთავარი პრობლემური საკითხი, რაც კანონშია და რაც ყველას აჩვენებს, რომ ეს ცვლილებები სწორედ პოლიტიკური იარაღია და არა რეფორმა, არის ის, რომ მთავრობა ითხოვს იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის სრულად დაშლას. ეს ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო პრინციპს. ყველა იმ ადამიანმა, რომელიც იუსტიციის საბჭოშია, სრულად უნდა ამოწუროს თავისი ვადა და არავის აქვს უფლება, მათ შორის არც კანონმდებლებს, ჩაერიოს ამ ვადაში. ეს მიდგომა ეწინააღმდეგება ევროპაში დამკვიდრებულ პრინციპებს, ვენეციის კომისია კი არის ამ პრინციპების დამცველი. ჩვენ უკვე მივაწოდეთ კომისიის წევრებს ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია, როგორც იცით, ვენეციის კომისიის ექსპერტები საქართველოშიც იყვნენ ჩამოსული და ხვალაც გვექნება საშუალება ჩვენი შეხედულება ძალიან მკაფიოდ დავაფიქსიროთ", - აღნიშნა გუშინ მინაშვილმა.
მისივე განმარტებით, "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა დღეს, მათ მიერ მომზადებული დოკუმენტის განხილვის შემდეგ გახდება ცნობილი.