"საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა დღეს გახდება ცნობილი .
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა განუცხადა, რომელიც, ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ვენეციაში იმყოფება.
ამასთან, იტალიაში იმყოფებიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.
მისივე განმარტებით, დასკვნის მიღებამდე ვენეციის კომისია დღევანდელ სხდომაზე აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადებულ დოკუმენტს განიხილავს. "მოხდება კანონპროექტის განხილვა, შემდეგ კი - დასკვნის მიღება. როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ საქართველოში ვენეციის კომისიის ორი ექსპერტი იმყოფებოდა, რომლებიც შეხვდნენ ძალიან ბევრ ადამიანს, ჩაწერეს ინტერვიუები, მიიღეს კანონპროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია და სწორედ ამ ვიზიტის საფუძველზე მოამზადეს დოკუმენტი, რომელიც ვენეციის კომისიის ყველა წევრს გადაეგზავნა.
ჯერჯერობით არ ვიცით, რა წერია მასში, რადგან არსებობს პირველადი დოკუმენტი და პირველადი დოკუმენტის მეორე ვარიანტი _ ყოველ წუთს რაღაც იცვლება მასში. სწორედ ამიტომ ვერ გეტყვით, ახლა რა მდგომარეობაა ტექსტში", - აღნიშნა ხიდაშელმა.
"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის ავტორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროა. პარლამენტი აღნიშნულთან დაკავშირებით სწორედ ვენეციის კომისიის დასკვნის მოლოდინშია.