სასჯელის უპირობო შეკრებითობის პრინციპის გაუქმების თაობაზე მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები "სისხლის სამართლის კოდექსში" და "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" აისახა.
პირველი მოსმენით მიღებული პროექტის თანახმად, დანაშაულის ერთობლიობისას საბოლოო სასჯელის უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრს შთანთქავს. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრს შთანთქავს ან ნაწილობრივ ან მთლიანად ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბება. ამასთან, რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა 30 წელს არ უნდა აღემატებოდეს.
რაც შეეხება განაჩენთა ერთობლიობას, პროექტის მიხედვით, შესაძლებელი იქნება სასჯელთა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრება, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამ შემთხვევაშიც არჩევანს მოსამართლე კონკრეტული საქმის, კონკრეტული გარემოებებისა და განსასჯელის პიროვნებიდან გამომდინარე გააკეთებს.
პარლამენტში წარდგენილ ამ ცვლილებებს უკუქმედების ძალა გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იმ პირებზეც აისახება, რომლებიც სასჯელს უკვე იხდიან. ამასთან, პროექტი სამთვიან ვადას ადგენს, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია, სასჯელის დანიშვნის წესის შეცვლასთან დაკავშირებით, განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა.