ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტში, განხილვაზე მის გატანამდე პრინციპული მნიშვნელობის ცვლილება აისახა .
სესიაზე განხილვის დაწყების წინ, უმრავლესობასა და უმცირესობას შორის კონსულტაცია კიდევ ერთხელ შედგა და მხარეები პროექტის მე-18 პუნქტის შემდეგ ფორმულირებაზე შეთანხმდნენ:
"საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები ან იმყოფებოდეს სამხედრო-პოლიტიკურ ან საბაჟო კავშირში იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. საქართველო გაატარებს თანამიმდევრულ საგარეო პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს თავისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საერთაშორისო პატივისცემის ურყევობა".
როგორც ცნობილია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრინციპული მოთხოვნა იყო, რომ პროექტში პოსტსაბჭოთა ორგანიზაციებში საქართველოს წევრობის დაუშვებლობა ცალსახად დაფიქსირებულიყო და ჩაწერილიყო, რომ საქართველო არ გაწევრიანდება ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა: დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, ევრაზიის კავშირი, საბაჟო კავშირი და სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოთაშორისი გაერთიანებები, სადაც დომინანტი რუსეთის ფედერაციაა.
იმის მიუხედავად, რომ პროექტის მე-18 მუხლში აღნიშნული ორგანიზაციები დაკონკრეტებული არ არის, როგორც ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, მასში იგულისხმება, რომ საქართველო დსთ-ში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა თუ ევრაზიის კავშირში არ გაწევრიანდება.
ბარამიძის თქმით, უმცირესობა რეზოლუციის პროექტის ბოლო ვარიანტს მხარს უჭერს. შესაბამისად, დღევანდელ სესიაზე ოპოზიციის ალტერნატიული პროექტი აღარ დადგება.