დეველოპერული კომპანია "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელმა, მაია რჩეულიშვილმა "დექსუსთან" ხელშეკრულების შეჩერების მიზეზად განსხვავებული ხედვები დაასახელა .
როგორც მაია რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "დექსუსთან" ხელშეკრულება 1-ელ მარტს შეწყდა. "სულ 705 ადამიანი იყო დარჩენილი დასაკმაყოფილებელი. მე მქონდა ჩემი ხედვები ხალხის დაკმაყოფილების, "დექსუსს" ჰქონდა თავისი ხედვები. ჩემი ხედვები გაცილებით მარტივი იყო, რომ ყველა ამ ადამიანს აგრესია, შიში გაქრობოდა. ჩვენ გვქონდა შექმნილი 30 ათასი კვადრატული მეტრი ფართი და მინდა ხალხს ეს ფართი დავურიგო. მხოლოდ ამის გამო ვერ შევჯერდით, თორემ "დექსუსმა" ვალდებულება თავის ნაწილში, კერძოდ, ფინანასურ ნაწილში ძალიან კარგად და წარმატებულად შეასრულა",-განაცხადა რჩეულიშვილმა.
მისივე თქმით, საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ კონტრაქტი მან ცალმხრივად შეწყვიტა და ცალმხრივად შეწყვეტით თავი დაიჯარიმა. "მე ჩავთვალე, რომ ის თანხა, რომელიც უნდა გადამეხადა "დექსუსისთვის" ღირდა იმად, რომ მე ყველა ეს ხალხი დავაკმაყოფილო ორთვენახევრის განმავლობაში",-განაცხადა რჩეულიშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ეს იყო ყველაზე ცივილური ფორმა საქართველოში, რაც მოხდა ორ მინდობილ და მიმნდობ მესაკუთრეს შორის. "ამ წუთამდე ჩვენ ერთმანეთთან სადავო ჯერ არაფერი გვაქვს და რაც მთავარია, მშენებლობები ყველგან გრძელდება", - დასძინა რჩეულიშვილმა.
"დექსუსის" დამფუძნებელი, ირაკლი კილაურიძე კი აცხადებს, რომ მათი ხედვები მომხმარებლებისთვის მაია რჩეულიშვილის ხედვებზე ლიბერალური იყო. როგორც კილაურიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მათი გეგმები უფრო გაწერილი იყო დროში და უფრო გეგმის მიხედვით შესრულებადი.
მისი თქმით, "დექსუსისთვის" რჩეულიშვილების ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. ვფიქრობთ, რომ ეს არ იყო კარგი გადაწყვეტილება მომხმარებელებისთვის და მშენებლობის დროულად დასრულებისათვის. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, დროულად და სწორად გადავაბაროთ ყველაფერი, მათ შორის მშენებლობები. შემდგომში რა მოხდება, ჩემთვის რთულია პროგნოზების გაკეთება. თუ რაღაც იმედები აქვს რჩეულიშვილს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ვნახოთ, დრო გავა და ყველაფერს გვიჩვენებს", - აღნიშნა კილაურიძემ.