კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის" საქართველოს პრემიერ მინისტრისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრას "წინგადადგმულ ნაბიჯად" აფასებს.
"ჩვენ დადებითად ვაფასებთ აღნიშნული შეხვედრის ჩატარების ფაქტს და ვფიქრობთ, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოსაყალიბებლად. მიგვაჩნია, რომ მსგავსი შეხვედრა იყო საჭირო და აუცილებელი ნაბიჯი ქვეყანაში სამართლებრივი რეფორმების მშვიდად განხორციელებისათვის. ასევე ვთვლით, რომ ამ პროცესში აუცილებელია სასამართლოს მაქსიმალური ჩართულობა, რათა რეფორმა ეფექტიანად განვითარდეს. ვთვლით, რომ სასამართლოს სისტემის რეფორმირება არ უნდა მიმდინარეობდეს კონფლიქტურ გარემოში და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გარეშე, რადგან საზოგადოების უმთავრესი ინტერესი სწორედ მიუკერძოებელი, ეფექტიანი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებაა", - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
მათივე განმარტებით, ისინი მიესალმებიან ორივე მხარის განცხადებას სასამართლო რეფორმის მნიშვნელობასა და ასევე იმას, რომ საკითხთა უმრავლესაბაზე მხარეთა თანხმობა არსებობს.
"კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის" ადრეც საუბრობდა კონსტრუქციული თანამშრომლობის აუცილებლობაზე. ამიტომაც, მივესალმებით ორივე მხარის განცხადებას სასამართლო რეფორმის მნიშვნელობაზე, ასევე იმ ფაქტს, რომ საკითხთა უმრავლესაბაზე მხარეთა თანხმობა არსებობს, რაც მნიშვნელოვანი სიგნალია ვენეციის კომისიისთვისაც, იმის გათვალისწინებით, რომ მან უახლოს პერიოდში საზოგადოებას სასამართლოს რეფორმირების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულო კანონპროექტის მიმართებაში საკუთარი რეკომენდაციები უნდა წარუდგინოს. მიგვაჩნია, რომ დღეს მხარეებმა იმოქმედეს საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდეს. კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის" თავის მხრივ იმედოვნებს, რომ აქტიურად ჩაერთვება ყველა იმ ინიციატივასა და პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას და ქვეყანაში სამართლის უზენაესობის დამკვიდრებას", - ნათქვამია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის შეხვედრა გუშინ გაიმართა.